ახალი ამბები

აშშ როკის გვირაბის საერთაშორისო მონიტორინგისკენ მოუწოდებს

აშშ-ს დიპლომატმა კაილი სკოტმა 2 მარტს მოუწოდა რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მხარეებს ნება დართონ საერთაშორისო დამკვირვებლებს როკის გვირაბი გააკონტროლონ.


ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას კაილი სკოტმა, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეუთოში, განაცხადა, რომ ეს შესაძლოა იყოს რუსული და სამხრეთ ოსური მხარეების საპასუხო ნაბიჯი ქართული მხარის “მცდელობებზე მიიღოს რთული გადაწყვეტილებები, რაც ხანგრძლივი მშვიდობის გარანტირებისთვისაა საჭირო“.


“მოვუწოდებთ რუსულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს უპასუხონ ნდობის აღდგენის ღონისძიებებით. ეს უნდა შეიცავდეს საერთაშორისო დამკვირვებელთათვის ნების დართვას გააკონტროლონ როკის გვირაბი და გამოიყვანონ ის რუსი სამხედროები და ტექნიკა, რაც არ უნდა იყოს კონფლიქტის ზონაში“, – განაცხადა კაილი სკოტმა.


დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ აშშ “ძალიან შეწუხებულია“ რუსეთის განცხადების გამო, რომ “ის დაიცავს თავისი მოქალაქეების ინტერესებს სამხრეთ ოსეთში“.


“ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთის მოქალაქეობის გავრცლება სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა დიდ უმრავლესობაზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის ფედერაციის მიერ გაცხადებულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ამ პრინციპის საფუძველზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების  მიმართ“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.  


კაილი სკოტმა აღნიშნა, რომ აშშ ასევე შეწუხებულია რუსეთის უარის გამო  მონაწილეობა მიეღო შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაში, რომელიც ვენაში 20-21 თებერვალს იყო დაგეგმილი. 


“ვენის სხდომის ჩაშლა იყო მნიშვნელოვანი რეგრესი ჩვენი მცდელობების მიმართ დავხმარებოდით მხარეებს შეთანხემბული  პროგრამის შემუშავებაში ნდობის აღდგენის და ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის სტატუსის მოგვარებამდე მიგვიყვანდა“, – განაცხადა მან.


დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ “მიესალმება სამხრეთ ოსეთის და ქართული მხარეების პირისპირ შეხვედრის ორგანიზებას სამშვიდობო გეგმაზე საერთო ხედვის შემუშავების მიზნით“.


აშშ-ს დიპლომატი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების განცხადებას კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის მიზნით ცალმხრივი ქმედებების  დაწყების შესახებ.


აშშ-მ ასევე მოუწოდა ცხინვალს ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან კონფლიქტის მსხვერპლთა ქონების რესტიტუციის კანონპროექტზე.


“სამხრეთ ოსეთის მხარისთვის არ იქნება გამართლებული  შემოთავაზებული კანონი მოგვიანებით გააკრიტიკონ, თუ ისინი უარს იტყვიან დასხდნენ [საქართველოს] მთავრობასთან და განიხილონ ის მიღებამდე“, – განაცხადა სკოტმა.


“ვეხმაურებით რა ევროკავშირის 21 თებერვლის განცხადებას, ჩვენც ასევე გვჯერა, რომ ეუთოს წევრების ფართო მონაწილეობა ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების პროცესს, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს დაეხმარება, მათ შორის იმათ, ვინც სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

Back to top button