ახალი ამბები

ოპოზიცია მერაბიშვილის გადაყენების კამპანიას იწყებს

საპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და სამინისტროს მაღალჩინოსნების გადაყენების მოთხოვნის დაყენება.

ოპოზიცია მერაბიშვილს იმ მაღალჩინოსნებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს, რომლებსაც შესაძლოა კავშირი აქვთ სანდრო გირგვლიანის მკველობის საქმესთან.  


საპარლამენტო ფრაქციის “დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა 1 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “აზრი არ აქვს პარლამენტში მერაბიშვილის გადაყენების საკითხის დაყენებას“.  


“საპარლამენტო უმრავსელობა ამ წინადადებას მაინც არ დაუჭერს მხარს“, – განაცხადა მან. 

“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე საპროტესო აქციების მოწყობის ინიციატივით გამოდის.


“ყველაზე ეფექტური იქნება საპროტესტო აქციები, საზოგადოებრივი აზრის აქტიური დაფიქსირება. იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან,  კანცელარიასთან, პარლამენტთან თუ სხვა ფორმით“, –  განაცხადა 1 მარტს დავით გამყრელიძემ.


“ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დიდ ყურადღებას აქცევს საზოგადოებრივ დამოკიდებულებას. ამ [შს] მინისტრს იმ დანაშაულების გახსნა, რომელიც სურს შეუძლია და რომელიც არ სურს, არ შეუძლია. ასეთი პიროვნება ალბათ დიდხანს ვერ იქნება მინისტრად“, – განაცხადა “რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა.


თუმცა ოპოზიცია ასევე აღიარებს, რომ ადვილი არ იქნება მერაბიშვილის პოსტიდან გადაყენება.

“ვანო მერაბიშვილი არ არის მხოლოდ მინისტრი… ეს არის ერთ–ერთ უძლიერესი ქვეყნის “ძალაუფლების ვერტიკალში“. მერაბიშვილს ძირითადად ორი გავლენიანი ჯგუფი უკავშირდება: ერთს ხელმძღვანელობს [დეპუტატი დავით] კირკიტაძე და “ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენი ახალგაზრდული ფრთა, ხოლო მეორეს [დეპუტატი გიგა] ბოკერია, გიგი უგულავა [თბილისის მერი] და [კახა] ლომაია [განათლების მინისტრი]. ორივე ეს ჯგუფი გავლენიანია, რადგანაც ისინი მერაბიშვილთან ახლოს არიან… ამრიგად, მერაბიშვილის გადადგომა ამ ვერტიკალის დანგრევას გამოიწვევს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა რადიო “თავისუფლებისთვის“ 1 მარტს მიცემულ ინტერვიუში.


“თუმცა, თუ საზოგადოება აქტიურად დააყენებს მისი გადაყენების საკითხს, მერაბიშვილს გადადგომა მოუწევს.  [კობა] ბექაურს [ყოფილი დეპუტატი მმართველი პარტიიდან] ასევე არ უნდოდა პარლამენტიდან წასვლა, თუმცა მოუხდა ამის გაკეთება საზოგადოებრივი აზრის გამო“, – დასძინა მან.


ამავდროულად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე მას შემდეგ, რაც იგი 28 თებერვალს პრეზიდენტს შეხვდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ეს საქმე პირად კონტროლზე ყავს აყვანილი. თავად პრეზიდენტს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.


“დავრწმუნდი იმაში, რომ ყოველდღიური ინფორმაცია აქვს პრეზიდენტს, როგორ მიდის გამოძიება. არ ვიცი გუშინდელი საპარლამენტო გარჩევის შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა დღეს ელენე თევდორაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button