ახალი ამბები

გამოკითხვა: ქართულ–რუსული “ცივი“ ურთიერთობები “დაძაბულში“ გადაიზარდა

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა  26 თებერვალს გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები,  რომელშიც 1600 რესპოდენტი აფასებს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში რუსი სამშვიდობოების ყოფნასთან დაკავშირებულ პრობლემებს.


რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე საგრძნობლად შემცირდა რუსეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც რუსულ–ქართულ ურთიერთობებს დადებითად (21–დან 13%–მდე) ან თუნდაც ნეიტრალურად (34–დან 20%– მდე) აფასებენ.  გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბული (27–დან 30%–მდე) ან მტრულია (6–დან 18%–მდე).


საქართველოს პარლამენტის მოთხოვნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებიდან გაყვანილ იქნას რუსული სამშვიდობო კონტიგენტები, გამოკითხულთა 25% არ ეთანხმება და არსებული ფორმატის შენარჩუნების მომხრეა,  24%  მხარს უჭერს რუსი სამშვიდობოების საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში დარჩენას, 15% კი სამშვიდობოების ადგილზე გაძლიერების მომხრეა. რესპოდენტთა 22% კი მხარს უჭერს რუსი სამშვიდობოების სრულ გაყვანას და საერთაშორისო ძალებით მათ ჩანაცვლებას.


თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოდან შესაძლო გამოყოფის მიმართ, რესპოდენტთა 40–41% მიიჩნევს, რომ რუსეთმა ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს, 38% კი ფიქრობს, რომ საჭიროა სოხუმისა და ცხინვალის მხარეს დადგომა – მათი დამოუკიდებლობის აღიარება (16%) ან რუსეთის შემადგელობაში შესვლის მხარდაჭერა (22%). გამოკითხულთა მხოლოდ 7%–ია მომხრე რუსეთმა საქართველოს მხარე დაიკავოს და დაეხმაროს მის ხელმძღვანელობას აღადგინოს კონტროლი თვითგამოცხადებულ რეგიონებზე.


ყოველი მეორე რესპოდენტი (47%) მიიჩნევს, რომ სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ თბილისის სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში რუსეთმა ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს. გამოკითხულთა მეოთხედი (27%) ერთ–ერთი მხარის და როგორც წესი, ეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია (24%), სასარგებლოდ ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერის აღმოჩენის მომხრეა. ერთ–ერთი მხარისადმი სამხედრო მხარდაჭერის მომხრე 11%–ია, საიდანაც მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ ეს თანადგომა მოსკოვმა თბილისის მიმართ უნდა გამოხატოს.


გამოკითხულთა 40% თვლის, რომ შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტების ხანგრძლივ ომში გადაზრდის საფრთხე არსებობს. 10% ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გაიმარჯვებენ და გახდებიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ხოლო 6% გამარჯვებას საქართველოს უწინასწარმეტყველებს. გამოკითხულთა 25% კი ამ რეგიონებში შეიარაღებულ კონფლიქტებს ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს. 


რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა აღნიშნული გამოკითხვა 19–20 თებერვალს თითქმის მთელი რუსეთის მასშტაბით განახორციელა.  

Back to top button