ახალი ამბები

მერაბიშვილი გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა 24 თებერვალს მიანიშნა, რომ იგი ჯერ არ აპირებს თანამდებობიდან გაათავისუფლოს შსს-ს ის თანამშრომლები, რომლებიც, სავარაუდოდ, კავშირში არიან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან.


“მე პირადად ვაკონტროლებ ამ საქმის მსვლელობას… თქვენ იცით, რომ ბევრი ჩვენი კოლეგა იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან ან დაპატიმრებული უკანონო ქმედებისთვის და ჩვენ კვლავაც არ დავიხევთ უკან, თუ ამგვარი საჭიროება იქნება მომავალში“, – განაცხადა მერაბიშვილმა პრეს-კონფერენციაზე.


12 თებერვალს ტელეკომპანია “იმედის“ ეთერით გასულ გადაცემა “დროებაში“ გირგვლიანის საქმის დეტალები გაჟღერდა, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის გურამ დონაძე, დათა ახალაია და ვასილ სანოძე, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე თაკო საკაყაია, შესაძლოა საქმესთან კავშირში ყოფილიყვნენ.


24 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გურამ დონაძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა. თუმცა სხვა ოფიციალურ პირებზე არაფერი უთქვამს.


23 თებერვალს ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა ვანო მერაბიშვილს პარლამენტში გამოცხადება და გამოძიების პროცესის შესახებ დეპუტატებისთვის ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს.


ვანო მერაბიშვილმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს სურს მკვლელობის საქმე “თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, რაც დაუშვებელია“.


მისი თქმით, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ოპოზიციამ და ადამიანის უფლებათა დამცველთა ჯგუფებმა, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქმის გენერალური პროკურატურისათვის გადაცემა მოითხოვა.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button