ახალი ამბები

ფრინველის გრიპის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაააქტიურა ფრინველის გრიპის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს პარლამენტს მიმართა წინადადებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონში, სადაც ფრინველის გრიპის შემთხვევები დაფიქსრიდა.


პარლამენტი ამ წინადადებას, სავარაუდოდ, 28 თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.


მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად H5N1 ვირუსი შინაურ ფრინველებში არ დაფიქსირებულა, მთავრობამ მათი განადგურების შესახებ ბრძანება მაინც  გასცა მას შემდეგ, რაც 25 თებერვალს სოფელ ადლიაში მდებარე ტბაზე ნაპოვნ გარეულ ფრინველს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად კვლავ დაუდგინდა H5N1-ის ვირუსი. შინაური ფრინველის განადგურება ფრინველის გრიპის აღმოჩენის ადგილიდან 3 კილომეტრის რადიუსში მიმდინარობს.


პრეზიდენტის ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობის შესახებ ითვალისწინებს ხელვაჩაურის რაიონში შინაური ფრინველის და ფრინველის პროდუქტის კონფისკაციას; გარეულ ფრინველზე ნადირობის აკრძალვას და ადგილობრივი მოსახლეობისგან სანადირო თოფების კონფისკაციას; საჭიროების შემთხვევაში გადაადგილების შეზღუდვას. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საგანგებო მდგომარეობა 2006 წლის 1 ოქტომბრამდე იქნება ძალაში.


ფრინველის გრიპის პირველი შესაძლო შემთხვევა საქართველოში 24 თებერვალს დაფიქსირდა. H5N1-ის ვირუსი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიას მახლობლად ტბაზე ნაპოვნ მკვდარ გედს აღმოაჩნდა. მისი ნიმუშები უკვე გადაიგზავა ლონდონის ლაბორატორიაში, თუმცა პასუხი ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის.


“სოფელ ადლიადან 3 კილომეტრის რადიუსში არსებულ 11 სოფელში შინაური ფრინველის განადგურება დაიწყო. ეს არის ის ზომები, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გარეული ფრინველიდან შინაურ ფრინველზე ფრინველის გრიპის გადაცემა“, – განუცხადა  ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ფოთში 25 თებერვალს.


მისი თქმით, ფრინველის გრიპი არ დაუდგინდათ იმ გარეულ ფრინველებს, რომლებიც ფოთის მახლობლად, პალიასტომის ტბაზე აღმოაჩინეს. ამჟამად, მიმდინარეობს ამ ადგილის შესწავლა, რომელიც ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მარშრუტია.


საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აკრძალა ცოცხალი ფრინველით ვაჭრობა საქართველოში. ცოცხალი ფრინველით ვაჭრობის აკრძალვის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს.


24 თებერვლიდან მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გახსნილ ცხელ ხაზზე უამრავი ზარია შესული.  


პრემიერ-მინისტრმა 24 თებერვალს დაავალა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაამკაცრონ კონტროლი განსაკუთრებით ფრინველის მიგრაციის ადგილებში, მათ შორის სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში.


პრემიერ-მინისტრმა ასევე დაავალა განათლების მინისტრს განაგრძოს საინფორმაციო კამპანია სკოლებში, რათა შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოთ მოსწავლეებს ფრინველის გრიპის პრევენციის თაობაზე. 27 თებერვალს  განათლების სამინისტრომ დაიწყო სკოლებში ვირუსის შესახებ ბუკლეტების გავრცელება.  


აშშ-ს დახმარებით ცოტა ხნის წინ თბილისის ვეტერინალური დიაგნოსტიკის და ექსპერტიზის ცენტრალური ლაბორატორიის რეკონსტრუქცია განახორციელა. ლაბორატორია, რომელიც ყველაზე თანამედროვეა რეგიონში, საშუალებას აძლევს საქართველოს  დაადასტუროს, ან უარყოს ისეთი დაავადების არსებობა, როგორიც ფრინველის ვირუსია, იტყობინება აშშ-ს საელჩო თბილისში.    


გარდა ამისა, 15 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 500 პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. ეს აღჭურვილობა მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ფრინველის ანალიზის ნიმუშებს იღებენ.


ეს საჩუქარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს ეწვია, რათა ფრინველის გრიპის გავრცელების შემთხვევაში ქვეყნის მზადყოფნა შეემოწმებინა. მათ აღმოაჩინეს, რომ საქართველოს არ გააჩნდა პერსონალური დაცვის აღჭურვილობები. სავარაუდოდ, აშშ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დამატებით 600 აღჭურვილობას გადასცემს.   


საქართველოს მთავრობამ აქტიური ქმედებები ფრინველის გრიპის საქართველოში გავრცელების წინააღმდეგ იანვარში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს ვირუსი თურქეთში, საქართველოს საზღვრის მახლობლად დაფიქსირდა. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები სპეციალური სადეზინფექციო მოწყობილობებით აღიჭურვა და საქართველოში შემომავალ ყველა მანქანას სადეზინფექციო პროცედურები უტარდებოდა.


“მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მცდელობები ფრინველის გრიპის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან შემოსვლის წინააღმდეგ წარმატებული იყო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 24 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე.


“თუ ეს ვირუსი საბოლოოდ დაფიქსირდა საქართველოში, ჩვენი მიზანი იქნება მაქსიმალურად  ავიცილოთ თავიდან შინაური ფრინველის და რა თქმა უნდა მოსახლეობის დაავადება. მთელი ჩვენი მცდელობები ამ მიზნისკენ იქნება მიმართული”, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

Back to top button