ახალი ამბები

შსკ სამშვიდობოებზე დადგენილების ამუშავების კატასტროფულ შედეგებზე მიანიშნებს

შერეულის საკონტროლო კომისიის რუსული, ჩრდილოეთ ოსური და სამხრეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეები, რომლებმაც ქართული მხარის “უარის“ გამო  20–21 თებერვალს მოსკოვში შსკ–ს სხდომის ნაცვლად კონსულტაციები გამართეს,  შეშფოთებას გამოთქვამენ სამხრეთ ოსეთის ირგვლივ სიტუაციის გართულების გამო, რაც “პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული მოლაპარაკებების ჩაშლისკენ მიმართული  პოლიტიკით არის  გამოწვეული“.


შსკ–ს თანათავმჯომარეები დესტრუქციულ ნაბიჯად აფასებენ საქართველოს პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილებას სამშვიდობოებზე და აცხადებენ, რომ “საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ აღნიშნული დადგენლების შესრულებას შეიძლება  კატასტროფული შედეგები ჰქონდეს მშვიდობიანი მოსახლეობისათვის და  მიგვიყვანოს ფართო დესტაბილიზაციამდე კონფლიქტის ზონაში და კავკასიის რეგიონში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 21 თებერვალს გამოქვეყნებულ შსკ–ს თანათავმჯდომარეთა განცხადებაში.


შსკ–ს თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ თბილისს უარი თქვან შსკ–ს არსებული ფორმატისა და შერეული სამშვიდობო ძალების საწინააღმდეგო მოქმედებებზე, “თავი შეიკავონ პრაქტიკულ ჭრილში სამშვიდობო მისიის შეწყვეტის საკითხის გადატანისაგან“.


განცხადებაში ასევე საუბარია ქართული მხარის პროვოკაციებზე რუსული და ოსური სამშვიდობო ბატალიონების წინააღმდეგ, კერძოდ “თავდასხმებზე, სამშვიდობოების დაკავებასა და მკვლელობებზე, ქართული ვიზების არასწორად მოთხოვნაზე და ა.შ“. 


“ქართული ბატალიონი ფაქტიურად გამოსულია შერეული სამშვიდობო ძალებიდან და გაერთიანებული სარდლობის დაქვემდებარებიდან და პირდაპირ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებებს ასრულებს. მუდმივად ირღვევა როტაციის ვადები“, – აცხადებენ შსკ–ს თანათავმჯდომარეები.


“როგორც ჩანს, თბილისში არჩევანს ძალისმიერ სცენარზე აკეთებენ“, რადგან ქართული მხარე საქმით იგნორირებას უკეთებს ცხინვალის სამშვიდობო ინიციატივებს, იარაღდება და აძლიერებს საომარ რიტორიკას.


“თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ [თბილისს] ულაპარაკოდ გამოირიცხოს პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტა და დაუყოვნებლივ დაიწყოს საომარი მოქმედებების განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ერთობლივი დოკუმენტის შემუშავება, რაც შემოთავაზებული იყო ეუთოს მიერ და ასევე ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ერთობლივი მოქმედებების პროგრამის შემუშავება. იგულისხმება, რომ პროგრამა დასამტკიცებლად წარედგინება  მხარეთა უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.


შსკ–ს თანათავმჯდომარეები კიდევ ერთხელ ხაზს უსავამენ ეუთოს “უცნაურ პოზიციას“, რაც მათი განცხადებით, ვლინდება “სიტუაციის არაპროფესიონალურ და ტენდენციურ შეფასებაში, რომელსაც შეიცავს საქართველოში ეუთოს მისიის მიერ ვენაში გაგზავნილი მოხსენებები, ქართული მხარის მიერ უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევის ფაქტების დაფარვაში, ეუთოს წარმომადგენელთა არ მონაწილეობაში 20–21 თბერვალს მოსკოვში გამართულ შსკ–ს სხდომაში. ეს ყველაფერი ეუთოს ავტორიტეტს არ მატებს“. 

Back to top button