ახალი ამბები

აზერბაიჯანი და საქართველო კასპია-ევროპის გაზსადენის პროექტს უჭერენ მხარს

21-22 თებერვალს აზერბაიჯანში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრაზე სავარაუდოდ, განიხილავს ბაქოს წინადადებას ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით შესაძლო ტრანზიტის თაობაზე, იტყობინება რუსული გაზეთი “ნეზავისიმაია გაზეტა“  21 თებერვალს.


“აზერბაიჯანის ამ ახალი სატრანზიტო პოლიტიკის განხილვა არ იქნება ადვილი… ბოლო დრომდე ამ გეგმის არსებობას არც ახსენებდნენ. როგორც ჩანს, იდეა რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოშობილი ბოლოდროინდელი დაპირისპირების შემდეგ გაჩნდა, რის შემდეგაც ევროპული სახელმწიფოები გაზის იმპორტის ალტერნატიული მარშრუტების ძებნას შეუდგნენ“, – წერს გაზეთი.


გაზეთი ასევე იტყობინება აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის ნატიკ ალიევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ენერგორესურსების ტრანზიტი ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან აზერბაიჯანის გავლით “ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია“.


“ტრანსკავკასიური გაზსადენის პროექტის განხორციელებაში არანაირი ტექნიკური პრობლემები არ შეგვექმნება… მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო“, – განაცხადა ნატიკ ალიევმა.


ამ გეგმას საქართველოც უჭერს მხარს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ გაზეთ “24 საათს“ თებერვლის დასაწყისში განუცხადა, რომ ქართულმა დელეგაციამ იანვარში დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე მხარი დაუჭირა ახალი გაზსადენის მშენებლობას, რომელიც ევროპას კასპიის ენერგორესურსებს, რუსეთის გვერდის ავლით, დაუკავშირებს.


ბენდუქიძის თქმით, გაზსადენი უკრაინაზე გაივლის და მისი თვითღირებულება 7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს ღირებულება ძალიან მაღალი იყო, მაშინ როცა გაზის ფასი უკრაინაში ძალიან დაბალი იყო, თუმცა ამჟამად ფასები “ძალიან ხელსაყრელი“ ჩანს ინვესტორებისთვის, განაცხადა ბენდუქიძემ.


ბენდუქიძის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები საქართველოში გაზაფზულზე შეიკრიბებიან და პროექტის განხორციელების პირველ ნაბიჯებს განიხილავენ.

Back to top button