
თბილისის სამშვიდობო ნაბიჯების დემონსტრირებას ცდილობს
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ბატალიონის როტაციასთან დაკავშირებული დავის მოგვარების შემდეგ, საქართველომ და რუსეთმა მოსკოვში 20 თებერვალს ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე ჩატარებული შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომასთან დაკავშირებით უკვე გაცვალეს დიპლომატიური განცხადებები. ოფიციალური თბილისი ასევე გააღიზიანა რუსული მედიის ბოლოდროინდელმა ინფორმაციებმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული ვითარების შესახებ.
ქართულმა მხარემ 20 თებერვალს კონფლიქტის ზონაში თავისი სამშვიდობოების როტაცია განახორციელა. ამჟამად შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში 320 ქართველი სამხედროა განთავსებული კონფლიქტის ზონაში. ქართულ მხარეს კიდევ აქვს უფლება თავისი სამხედრო კონტინგენტი 500 კაცამდე გაზარდოს. თბილისის განცხადებით, ამიერიდან ის თავისი სამშვიდობოების როტაციას რეგულალურად სამ თვეში ერთხელ განახორციელებს.
თავდაპირველად, სამხრეთ ოსურმა მხარემ 19 თებერვალს ხელი შეუშალა როტაციის განხორციელებას იმ მოტივით, რომ ის არაგეგმიური იყო და იმ შეთანხმების დარღვევით ხორციელდებოდა, რომლის თანახმადაც როტაცია ექვს თვეში ერთხელ არის დაშვებული. ამის საპასუხოდ, ქართულმა მხარემ ცხინვალისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა.
ეს საკითხი მოსკოვში 20 თებერვალს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზეც იქნა განხილული. სხდომამ, რომელსაც მხოლოდ რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გადაწყვიტა, რომ, როგორც ამას რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, “გამოეჩინა კეთილი ნება“ და ნებართვა მიეცა ქართველი სამშვიდობოების როტაციაზე. ამის საპასუხოდ, ქართულმა მხარემ გახსნა მაგისტრალური გზა.
თბილისმა დაგმო შსკ-ს ეს სხდომა და მოლაპარაკებებს უსამართლო უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ 17 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავას, რომელიც შსკ-ში ქართულ მხარეს წარმოადგენს, ოფიციალურად ეცნობა მოსკოვში დაგეგმილი სხდომის თაობაზე, “თუმცა ამ სხდომის ვადა და რიცხვი მითითებული არ ყოფილა“.
“შსკ–ში არ არსებობს არანაირი ოთხი მხარე. იქ არსებობს ორი მხარე: რუსული და ქართული. ერთი მხარე მოსკოვში – რუსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების სახით – ამ წუთში შეკრებილია მოსკოვში, მეორე მხარე, ქართული მხარე კი არ არის შსკ–ს მუშაობაში მონაწილე… კიდევ ერთი დასტური სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველა ჩვენი არგუმენტი და პრეტენზია არის სრულიად სამართლიანი. მე კატეგორიულად ვთხოვ ჩვენს მეგობრებს რეაგირების გარეშე არ დარჩეს ეს ფაქტი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
თუმცა, რუსულმა მხარემ თბილისის წარმომადგენლის არყოფნას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და განაცხადა, რომ შსკ-ს ეს სხდომა “კონსულტაცია“ იყო.
“ეს არის რუსეთის მიმოსვლითი დიპლომატიის ნაწილი… თუ ადრე ჩვენ თბილისსა და ცხინვალს შორის დავდიოდით, ახლა მხარეები თავად ჩამოვიდნენ მოსკოვში“, – განუცხადა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში რუსული მხარის წარმომადგენელმა ვალერი კენიაიკინმა ჟურნალისტებს 20 თებერვალს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა 16-17 თებერვალს მოსკოვს ეწვია და საგარეო საქმეთა სამინისტრის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ეუთო იმის გამო, რომ ორგანიზაციამ მოსკოვში წარმომადგენლები არ გააგზავნა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. “[ორგანიზაციის წარმომადგენლებმა] ფაქტიურად გამორიცხეს საკუთარი თავი შსკ-ს ფარგლებში ვითარების განმუხტვის მიზნით მიმდინარე დაძაბული მუშაობიდან“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 20 თებერვალს.
ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გაანეიტრალოს რუსული მედიით გამოქვეყნებული ვარაუდები იმის თაობაზე, რომ თბილისი ნიადაგს ამზადებს სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების განახლებისთვის.
რუსული ტელეკომპანია НТВ–ს პოლიტიკურ თოქშოუში “კვირას საღამოს“ დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა, რომელიც დსთ-ს ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს გაამწვავოს ვითარება სამხრეთ ოსეთში, რათა გადაფაროს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური სირთულეები.
რუსული გაზეთი “ნეზავისიმაია გაზეტა“ 20 თებერვალს წერდა, რომ ომი სამხრეთ ოსეთში “დაეხმარება საქართველოს ხელმძღვანელობას საზოგადოების ყურადღება სოციალური პრობლემებიდან სხვაგან გადაიტანოს“.
18 თებერვალს ასევე НТВ–ს ეთერით გასულ გადაცემაში “რეალური პოლიტიკა“ საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა გლებ პავლოვსკიმ განაცხადა, რომ “ერთი ტყვიის ფასი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მასიური სისხლისღვრა კონფლიქტის ზონაში“.
ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ “ტერორისტული აქტის ორგანიზების მოწოდებად“ შეაფასა.
20 თებერვალს გამოქვეყნებულ საინფორმაციო შეტყობინებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გლებ პავლოვსკის განცხადება არის “ტერორიზმის ელემენტების გამოყენება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში“.
თბილისი სახიფათოდ მიიჩნევს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ფიზიკური ანგარიშსწორების მეთოდებით გადაწყვეტას, რასაც “პროპაგანდას უწევს გლეგ პავლოვსკი” და “საერთაშორისო თანამეგობრობის დაუყოვნებელ, მკაცრ რეაქციას მოითხოვს”.
თავისი მშვიდობიანი ზრახვების სადემონსტრაციოდ, განსაკუთრებით 15 თებერვალს პარლამენტის მიერ რუს სამშვიდობოებზე დადგენილების მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ცალმხრივი ქმედებების განხორციელება, რომლებიც კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას და რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად.
ამ ღონისძიებათა ნუსხა, რომელიც შეიცავს კონფლიქტის ზონიდან სამხედრო პოლიციის შენაერთების ერთი ნაწილის გამოყვანას და მეორე ნაწილის ქართულ სამშვიდობო ბატალიონში გაერთიანებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 20 თებერვალს გამოქვეყნდა.