ახალი ამბები

თბილისის ცალმხრივი ქმედებები სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 თებერვალს თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებასაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით გეგმავს. ეს ღონისძიებები  შეთანხმებულ იქნა  18 თებერვალს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის სხდომაზე. საბჭოს წევრები არიან პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.


ქვემოთ მოცემულია იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელთა განხორციელებასაც ქართული მხარე გეგმავს. 


“კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის განმუხტვისა და დემილიტარიზაციის პროცესის დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, საქართველოს მთავრობა იწყებს შემდეგი ცალმხრივი ღონისძიებების გატარებას:


1.  დიდი ლიახვის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების გამოყვანა;


2. დიდი ლიახვის ხეობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის, ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტებული 11-კაციანი კონტინგენტის   ქართული სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში შეყვანა;


3. ქართული სამშვიდობო ბატალიონის როტაცია დაიწყო 2006 წლის 19 თებერვალს, ბატალიონის პირადი შემადგენლობის სრული სია გადაეცემა ეუთოს მისიასა და შერეული    სამშვიდობო ძალების მეთაურს საქართველოში ა.წ. 20 თებერვალს;


4. ვინაიდან გორის რაიონის 2/3 წარმოადგენს კონფლიქტის ზონას, გორის რაიონის სამხედრო პოლიციის შესაბამისი ქვედანაყოფი (15-17 კაცი) შეყვანილ იქნება ქართული სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში;


5.  ა.წ. გაზაფხულიდან ქართული სამშვიდობო ძალების როტაცია მოხდება სამ თვეში ერთხელ. ბატალიონის ფაქტობრივი შემადგენლობა გაიზრდება 100 კაცით, 330 კაცამდე;


6.  ქართული სამშვიდობო ბატალიონის პასუხისმგებლობის ზონაში მდებარე სანგრები ამოივსება, თოვლის დნობის შემდეგ;


7.  არცერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე (სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების გარდა) არ შევა კონფლიქტის ზონაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის გარეშე და ქართული სამშვიდობო ძალების უფროს სამხედრო მეთაურთან შეუთანხმებლად. კონფლიქტის ზონაში შესული ქართველი სამხედრო მოსამსახურეთა სია გადაეცემა ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებელთა მისიას;


8.  პოლიციასა და ფინანსურ პოლიციას მიეცემა დავალება, რათა დაუბრკოლებლივ გაატარონ ნებისმიერი რაოდენობის  ტვირთი, რომელზეც იარსებებს მისი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;


9. ქართული მხარე მზად არის ითანამშრომლოს ცხინვალის რეგიონის სამართალდამცავ სტრუქტურებთან, დამნაშავეობასთან ერთობლივად ბრძოლის მიზნით.  ქართული მხარე თავაზობს ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობას გაიმართოს შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში ან ცხინვალში“.


საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართულ მხარეებს ანალოგიური ნაბიჯების გადადგმისკენ  მოუწოდა.


 


 

Back to top button