ახალი ამბები

თბილისის შემრიგებლური გზავნილები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის “ცალმხრივ დემილიტარიზაციას“ დაიწყებს. ამასთანავე, იგი საქართველოს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინადადებით გამოვიდა. როგორც ჩანს, ორივე ეს ინიციატივა თბილისის შემრიგებლური პოზიციის ნიშანია ცხინვალის და მოსკოვის მიმართ, რასაც წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის მიერ 15 თებერვალს საკმაოდ მკაცრი დადგენილების მიღება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ ოსეთის საკითხზე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის შეხვდეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს მიხეილ მინძაევს თბილისში ან ცხინვალში.


სამხრთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე რუსული მხარე, დიდი ხანია რაც შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ინიციატივით გამოდიან, თუმცა აქამდე ქართული მხარე ამ წინადადებას იგნორირებას უკეთებდა.


ეს წინადადება თანხვედრაშია თბილისის პოზიციასთან სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მთავარი ყურადღება პოლიციურ კომპონენტზე გაამახვილოს, სამხედრო კომპონენტის ნაცვლად.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი მიზნად ისახავს “ადამიანის უფლებათა დაცვას კონფლიქტის ზონაში და ჩვენ ამ მიზნით ყველა ღონეს ვიხმართ“.


ეს საკითხი, სავარაუდოდ, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მომავალ შეხვედრაზე  იქნება განხილული.


თუმცა, ამ შეხვედრის ბედი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. თავდაპირველად, შსკ–ს სხდომის გამართვა 20-21 თებერვალს ვენაში იგეგმებოდა. თუმცა, რუსეთმა უარი განაცხადა ვენის შეხვედრაში მონაწილეობაზე და სანაცვლოდ მხარეებს მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვში შესთავაზა.


“ხვალ [20 თებერვალს] დილით ჩვენ [საქართველოს ხელისუფება] განვიხილავთ ამ საკითხს და ვფიქრობ, ხვალ უკვე ზუსტად გვეცოდინება, როდის და სად გაიმართება შეხვედრა. ამ მომენტში ამ საკითხზე ზუსტი პასუხის მოცემა არ შემიძლია“, – განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ “სივილ ჯორჯიას“ 19 თებერვალს.


პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე კონფლიქტის ზონის “ცალმხრივ დემილიტარიზაციას“ იწყებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს სამხედრო პოლიციის შენაერთები, რომლებიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არიან განლაგებულნი, შერეული სამშვიდობო ძალების ქართულ ბატალიონს შეუერთდებიან. ამჟამად ეს ნაწილები კონფლიქტის ზონაში არსებული შეთანხმების დარღვევით არიან განლაგებულნი.

შედეგად, ქართული მხარე თავის სამშვიდობო ბატალიონს 330 სამხედრომდე გაზრდის, დასძინა პრემიერ-მინისტრმა.


შერეულ სამშვიდობო ძალებში რუსული, ქართული და ოსური სამშვიდობო ბატალიონები შედის. თითოეულ მხარეს აქვს უფლება იყოლიოს 500 სამხედრო კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში. კონფლიქტის ზონაში განლაგებული დანარჩენი შეიარაღებული ჯგუფები უკანონოა.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 9 თებერვალს მოუწოდა საქართველოს შეავსოს თავისი კვოტა სამშვიდობო ძალებში, რათა შენარჩუნებულ იქნას სწორი ბალანსი შერეულ სამშვიდობო ძალებში.


პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, 19 თებერვლიდან ქართული მხარე დაიწყებს სამშვიდობო ბატალიონის როტაციას.


“ჩვენ გავუგზავნით შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობას ამ სამხედროთა სიას და შევათანხმებთ მას სარდლობასთან 20 თებერვალს“, – განაცხადა ნოღაიდელმა, თუმცა დასძინა, რომ ქართული მხარე გაზაფხულიდან თავის სამშვიდობოების როტაციას სამ თვეში ერთხელ განახორციელებს.


მისი თქმით, ქართული მხარე ასევე დაიწყებს სამხედრო სიმაგრეების გაუქმებას კონფლიქტის ზონაში, როგორც კი თოვლი დაიწყებს დნობას. ნოღაიდელმა მოუწოდა სამხრეთ ოსეთის მხარეს ანალოგიური ნაბიჯები გადადგას რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

Back to top button