ახალი ამბები

ენერგოობიექტები საპრივატიზაციოდ მზადდება

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სამი სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის და ექვსი ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაციის მიზნით განაცხადების მიღება 2006 წლის 16 მაისს დაიწყება. ექსპერტთა ვარაუდით, პრივატიზაციის შემდეგ საქართველოს ენერგო ბაზარზე ორი მსხვილი ენერგოკომპანია გაჩნდება. 


ყველა ობიექტის საერთო საწყისი ფასი 119 მილიონ აშშ დოლარი იქნება.  საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში წარმოდგენილია:


“საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია” – 30 000 000 აშშ დოლარი;
“აჭარის ენერგოკომპანია” – 5 000 000 აშშ დოლარი;
“კახეთის ენერგოდისტრიბუცია”  – 2 000 000 აშშ დოლარი;
“ლაჯანურჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 112.5 მვტ. საპრივატიზაციო ფასი – 26 000 000 აშშ დოლარი;
“რიონჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 48 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 14 000 000 აშშ დოლარი;
“გუმათჰესების კასკადი“- დადგმული სიმძლავრე – 66.5 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 12 000 000 აშშ დოლარი;
“შაორჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 38.4 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 12 000 000 აშშ დოლარი;
“ძევრულჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 80 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 14 000 000 აშშ დოლარი;
“აწჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 16 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 4 000 000 აშშ დოლარი.


ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 13 თებერვალს განაცხადა, რომ თითოეული ობიექტი ცალ-ცალკე გაიყიდება ღია კონკურსის გზით იმ პოტენციურ ინვესტორებზე, რომლებიც უმაღლეს ფასს გადაიხდიან.


“საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ უმსხვილესია ნუსხაში. კომპანია, რომელსაც 670 000 ინდივიდუალური და 24 300 კომერციული მომხმარებელი ჰყავს, ელექტროენერგიას საქართველოს შემდეგ რაიონებს აწვდის: იმერეთს, ქვემო ქართლს, გურიას, სამეგრელო-ზემო სვანეთს, სამცხე-ჯავახეთს, მცხეთა-მთიანეთს და შიდა ქართლს. “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ 2002 წლის მარტში შეიქმნა რეგიონალური სადისტრიბუციო ენერგოკომპანიების გაერთიანების საფუძველზე.


კომპანიას მართავს PA Consulting, რომელიც USAID-ის კონტრაქტორი კომპანიაა საქართველოში 2003 წლიდან. PA Consulting-ს საქართველოს მთავრობასთან 2006 წლის ბოლომდე კონტრაქტი აქვს გაფორმებული.


კონკურსის პირობების თანახმად, თითოეული ობიექტის ღირებულების 50% უნდა დაიფაროს ყიდვა-გაყიდვის შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში. დარჩენილი ნაწილი უნდა დაიფაროს 2006 წლის 1 დეკემბრამდე. განაცხადები პოტენციური ინვესტორებისგან მიიღება 16 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით. 16 ივნისს ჩატარდება კონკურსი და გაიხსნება საკონკურსო წინადადებათა პაკეტები.


ანალიტიკოსები ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ფასების ზრდას გარდაუვლად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ საქართველოს ენერგოსექტორში პრივატიზაციის დასრულებისთანავე ორი მონოპოლისტი გაჩნდება.


დამოუკიდებელმა ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში დავით ებრალიძემ “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთი ასეთი კომპანია იქნება თელასი – თბილისის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც რუსული ენერგოკომპანია “რაო ეესის“ მფლობელობაშია და რომლის ენერგოგენერაციის ობიექტები აღმოსავლეთ საქართველოშია განთავსებული და მეორე – “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ ენერგოგენერაციის ობიექტებით დასავლეთ საქართველოში.


თავდაპირველად 2005 წელს, ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის ინიციატივით, ენერგოობიექტების გაყიდვა ერთ პაკეტად იგეგმებოდა. თუმცა, ახლა მთავრობა ამ ობიექტების გაყიდვას ცალ-ცალკე გეგმავს.


“ენერგოობიექტები ცალ-ცალკე გაიყიდება“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა “სივილ ჯორჯიას“, თუმცა იქვე დასძინა, “როგორც ჩანს, ზოგიერთმა ინვესტორმა შესაძლოა რამდენიმე მათგანი იყიდოს; ამგვარი გარიგება რაიმე იურიდიულ პრობლემას არ გამოიწვევს“.


გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ კონკურსის პირობებში ნათქვამია: “ჰიდროელექტროსადგურების ქონების პრივატიზებისას უპირატესობა ენიჭება ენერგეტიკის სადისტრიბუციო კომპანიების აქტივების (ქონების) რეალიზაციის თაობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულს“.   


ექსპერტების თქმით, სადისტრიბუციო კომპანიები ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურები და სავარაუდოდ, მოთხოვნაც ამ უკანასკნელზე უფრო დიდი იქნება პრივატიზაციის პროცესში. 


“როგორც ჩანს, ამ პრივატიზაციის სტრატეგიაა გაყიდოს “არამომგებიანი“ ენერგოობიექტები “მომგებიანთან“ ერთად. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ჯერ სადისტრიბუციო ობიექტებს წარადგენს საპრივატიზაციოდ, თუმცა, მყიდველი, სავარაუდოდ, უკეთეს ნაწილს მოითხოვს და შეისყიდის სადისტრიბუციო კომპანიებს ენერგოგენერაციის ობიექტებთან ერთიან პაკეტში. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ენერგოობიექტებს ცალკე ყიდის, ისინი მაინც ერთიან პაკეტში გაიყიდება“, – განაცხადა ექსპერტმა დავით ებრალიძემ. 

Back to top button