ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს “შემხვედრი კონსტრუქციული ნაბიჯებისკენ“ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსკოვს გაგებით მოეკიდოს საქართველოს პოზიციას, გადადგას შემხვედრი კონსტრუქციული ნაბიჯები და ხელი შეუწყოს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო გეგმის რეალიზაციისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.


“მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო პროცესის პოტენციალი ამოწურული არ არის და რუსეთის მხარის მზადყოფნის შემთხვევაში რეალურად გვესახება ლიუბლიანაში საქართველოს შესახებ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ეუთოს განცხადების  რეალიზაცია. საქართველოს პარლამენტის დადგენილება, მიზნად ისახავს არა რეგიონში დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას და სამშვიდობო პროცესის შეწყვეტას, არამედ ახალი ეფექტური საერთაშორისო მექანიზმების შემუშავებას და მოლაპარაკებათა ფორმატის გაფართოვებას. აღნიშნული დადგენილება აგრეთვე ითვალისწინებს 1992 წლის 24 ივნისის სოჭის ხელშეკრულების გადასინჯვას და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთქმედებას მოლაპარაკებების პროცესისათვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების 17 თებერვლის განცხადებაში, რომელიც მოსკოვის 15 თებერვის განცხადების საპასუხოდ გავრცელდა.


საქართველოს მხარე უახლოეს ხანებში კონფლიქტის დარეგულირების არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის და მექანიზმების გადასინჯვის შესახებ კონკრეტული წინადადებების წარმოდგენას გეგმავს.


ამასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებას გამოთქვამს მოსკოვის მტკიცების გამო, რომ მსოფლიო თანამეგობრობის მიერ სამშვიდობო გეგმის სრული მხარდაჭერის ფონზე თითქოსდა არ არსებობს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის “მშვიდობიანი  მოწესრიგების ეუთოს მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმა“ და კიდევ ერთხელ შეახსენებს 2005 წლის 6 დეკემბრის ეუთოს მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც რუსეთმაც დაუჭირა მხარი.


“რეგიონის სრული და დროული დემილიტარიზაცია, რის შესახებაც საუბარია ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს განცხადებაში და რასაც ითვალისწინებს სამშვიდობო გეგმა, ხელს შეუწყობს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის წარმართვას, ნდობის განმტკიცებას, კონფლიქტის ზონის ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელებას და საქართველოს შემადგენლობაში რეგიონის სტატუსის განსაზღვრას საერთაშორისო ორგანიზაციების  მონაწილეობით. საქართველო, ხელმძღვანელობს რა აღნიშნული განცხადების დებულებებით, განახორციელებს ყველა აუცილებელ ნაბიჯს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.


თუმცა თბილისი ასევე აღნიშნავს, რომ “სამწუხაროდ, დღეისათვის არსებული მოლაპარაკებების პროცესის არაეფექტური ფორმატი და მექანიზმი არ იძლევა კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის საშუალებას და აფერხებს კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებას“.

Back to top button