
პარლამენტმა სამშვიდობოებზე დადგენილება მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 15 თებერვალს ერთხმად 179 ხმით დაუჭირა მხარი დადგენილებას, რომელიც ავალებს მთავრობას გადახედოს 1992 წლის 24 ივნისს მიღებულ სოჭის შეთანხმებას და უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთში არსებული სამშვიდობო ოპერაციის ჩანაცვლება ეფექტური საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციით.
ოპოზიციის განცხადებით, ამგვარი ფორმულირება დადგენილების ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობას ტოვებს და გასული წლის 11 ოქტომბრის დადგენილებასთან შედარებით “ტონალობა” ოდნავ შერბილებულია.
დადგენილების თანახმად, პარლამენტი არ უწესებს მთავრობას რაიმე ვადებს მითითებების შესასრულებლად.
შერეული სამშვიდობო ძალები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1992 წელს სოჭის შეთანხმების საფუძველზე განლაგდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ მთავრობას დავალებოდა იმ ნაბიჯების განხორციელება, რომელიც სამშვიდობო ოპერაციის დაუყოვნებლიც შეწყვეტას 1992 წლის სოჭის შეთანხმების გაუქმების საფუძველზე ითვალისწინებდა. თუმცა, “დემოკრატიული ფრონტის“ ალტერნატიულ პროექტს პარლამენტარებმა მხარი არ დაუჭირეს.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ დადგენილების პროექტს. “ძალიან მნიშვნელოვანია ამ მნიშვნელოვან საკითხზე ყველა პოლიტიკური ძალის ერთობის დემონსტირება“, – განაცხადა დეპუტატმა დავით გამყრელიძემ “ახალი მემარჯვენეებიდან“.