
მოსკოვი საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეშფოთებულია
საქართველოს პარლამენტის მიერ 15 თებერვალს მიღებული დადგენილება 1992 წლის სოჭის შეთანხმების გადახედვისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის თაობაზე მოსკოვში შეშფოთებას იწვევს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოსკოვი აცხადებს, რომ დადგენილება “ანტირუსული კამპანიის“ შესაბამისია, რასაც შესაძლოა კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაცია მოყვეს.
“ქართველი კანონმდებლები ნათლად მიანიშნებენ, რომ საქართველო შესაძლოა დაადგეს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ გზას. იმის იმედი გვრჩება, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება მთელი პასუხისმგებლობით და თავშეკავებით მოეკიდება ამ საკითხს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
“საჭიროდ მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ რუსული მხარე განაგრძობს მოქმედებას თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და ასევე საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე შეინარჩუნოს სტაბილურობა და უსაფრთხოება რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.
“ჩვენ კვლავინდებურად დარწმუნებული ვართ კონფლიქტში ჩართული მხარეების პრობლემები განხილულ უნდა იქნას და მოგვარდეს მოლაპარაკებების არსებული ფორმატის ფარგლებში. ამგვარი ეფექტური მექანიზმი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემთხვევაში არის შერეული საკონტროლო კომისია [შსკ]. მოვუწოდებთ, ჩატარდეს შსკ–ს თანათავმჯდომარეების შეხვედრა კონფლიქტის მოგვარების შესახებ ერთობლივი სამოქმედო პროგრამის შეთანხმების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებული წინადადებები და [სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ] კოკოითის მიერ [2005 წლის დეკემბერში] გაჟღერებული ინიციატივები შესაძლოა ამის [ერთობლივი პროგრამის] საფუძველი გახდეს“, – იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ე.წ. “ეუთოს მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმა“ არ არსებობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება, სავარაუდოდ, თბილისის პროტესტს გამოიწვევს. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ეუთოს მინისტერიალმა ლუბლიანაში ერთხმად დაუჭირა მხარი გასული წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე თბილისის სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.