
ოპოზიციის თქმით, მთავრობა სამშვიდობოებზე პოზიციას არბილებს
ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა “ახალი მემარჯვენეებიდან“ და “კონსერვატორებიდან“ ეჭვები გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით უკან დახევას გეგმავს.
“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ 13 თებერვალს განაცხადა, რომ სამშვიდობოებზე ახალი დადგენილების მიღება საჭირო არ არის, რადგანაც 11 ოქტომბრის პარლამენტის დადგენილება ითვალისწინებს სამშვიდობოების გაყვანის პროცედურების დაწყებას “ავტომატურად“, თუ მთავრობის მოხსენება სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ უარყოფითი იქნება. 13 თებერვალს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს თავდაცვის, საგარეო საქმეთა და სახელმწიფო მინისტრებმა სამშვიდობოების საქმიანობა გააკრიტიკეს.
მოსმენის შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ახალ დადგენილებაში, რომლის მიღებასაც დეპუტატები 15 თებერვალს გეგმავენ, პარლამენტი დაავალებს მთავრობას ერთი თვის ვადაში მოამზადოს დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას უზრუნველყოფს.
“კონსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ეს გეგმა მთავრობას დიდი ხნის წინ უნდა მოემზადებინა, რათა უზრუნველეყო სამშვიდობოების გაყვანის დაწყება 15 თებერვალს.
პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების თანახმად: „საქართველოს პარლამენტი ამ დადგენილების მე-2 პუნქტით [ეხება სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და განუხრელად შესრულების თაობაზე ინფორმაციას] განსაზღვრული პროცესის უარყოფითად შეფასებისა და პროგრესის არარსებობის შემთხვევაში მოითხოვს 2006 წლის 15 თებერვლიდან ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების და არსებული სტრუქტურების გაუქმებას”.
დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობიდან“ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ოპოზიციის განცხადებებს და ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისი ინარჩუნებს თავის მტკიცე პოზიციას სამშვიდობოებთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს საჭიროა სიფრთხილე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის რისკის შესამცირებლად.