
დადგენილების მიღების წინ სამშვიდობოების საქმიანობა “მკვეთრად უარყოფითად” შეფასდა
პარლამენტი 15 თებერვალს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების საკითხს მათი საქმიანობის “მკვეთრად ნეგატიური“ შეფასების ფონზე განიხილავს და სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს კონფლიქტის ზონიდან მათი გაყვანის გადაწყვეტილებას.
13 თებერვალს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო პროცესის თაობაზე მთავრობის წევრების დეტალური ინფორმაცია მოისმინა და უარყოფითად შეაფასა რა სამშვიდობოების საქმიანობა, რეკომენდაცია მისცა პარლამენტის ბიუროს სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით.
“საკმაოდ მოკლე დადგენილებაში გარდა სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნისა ჩაიწერება ასევე მთავრობისადმი დავალება, რათა დაახლოებით 1 თვის ვადაში წარმოადგინოს დეტალური გეგმა ამ პროცესის თაობაზე“, – განუცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ “სივილ ჯორჯიას“.
სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, დეპუტატებს ინფორმაცია წარუდგინეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ხაინდრავა: რუსული სამშვიდობო ბატალიონი საფრთხეა და მათი გაჩერება დაუშვებელია
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ სამართლებრივი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაზე, რომელიც საფუძვლად უდევს ცხინვალის რეგიონში მოქმედ სამშვიდობო ოპერაციას.
შერეული სამშვიდობო ძალები, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული, რუსული და ჩრდილოეთ ოსური ბატალიონები, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1992 წლის სოჭის შეთანხმების საფუძველზე განლაგდნენ, ხოლო მათი მანდატი 1994 წელს შერეული საკონტროლო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განისაზღვრა.
„საქართველოსთვის შერეული სამშვიდობო ძალების ფორმატი თავიდანვე წამგებიანი იყო ჩვენთვის, რადგან არ იყო განსაზღვრული, როდის მთავრდება სამშვიდობო ოპერაცია. პრაქტიკულად გამოდიოდა, რომ სამშვიდობო ფორმატი სამუდამოდ დაიდო, რადგან ამ სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ [საქართველოს და რუსეთის] პრეზიდენტების გადაწყვეტილებით“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
შერეული სამშვიდობო ძალები, რომელიც შერეულ საკონტროლო კომისიას ექვემდებარება, თავდაპირველად მშვიდობის დამყარების ფუნქციას ასრულებდნენ. თუმცა 1994 წელს, როცა მიღებულ იქნა მანდატის განმსაზღვრელი დოკუმენტები, მოხდა გადასვლა მშვიდობის მხარდაჭერის ფორმატზე.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უფლებამოსილებები სამშვიდობოებიდან უკვე ნელ–ნელა სამართალდაცავებზე უნდა გადასულიყო“, – აცხადებს ხაინდრავა.
კონფლიქტის ზონაში დაშვებულია სამშვიდობოებისა და მხარეთა სამართალდამცავი ორგანოების ყოფნა. „ამდენად, დაუშვებელია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს, სასაზღვრო ჯარის და სხვადასხვა მათი შეიარაღებული ფორმირებების არსებობა იმ შეთანხმებებით, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – აცხადებს ხაინდრავა.
მისი განცხადებით, არსებული შეთანხმებების მიხედვით, სამშვიდობოებს ევალებათ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება და მათი კონფლიქტის ზონაში არ დაშვება, არ დაშვება ასევე რაიმე ახალი საჯარისო ფორმირებების, მძიმე ტექნიკის და სხვა შეიარაღების, აღმოჩენილი შეიარაღების კონფლიქტის ზონიდან გატანა და კონფლიქტის ზონის დადგენა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი ამ მუხლიდან შესრულებული არ არის. და ამის ნათელი მაგალითი იყო 20 სექტემბრის აღლუმი ცხინვალში, როდესაც მთელმა მსოფლიომ იხილა არა მარტო შეიარაღებული ფორმირებები, არამედ მძიმე ტექნიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არც იმყოფებოდა არასოდეს“, – განაცხადა ხაინდრავამ.
ხაინდრავას განცხადებით, დარღვევაა ასევე შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურის მარატ კულახმეტოვის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება, რისი დადასტურებაც არის 8–11 თებერვალს კონფლიქტის ზონაში მომხდარი ფაქტი, როცა სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო ქართველი სამართალდამცავების მიერ სამი რუსი ოფიცრის დაკავებას კულახმეტოვმა 9 ერთეული ჯავშანტექნიკის გადაადგილებით და „დაშინების აქციით“ უპასუხა.
„არადა არსებული შეთანხმებების მიხედვით კულახმეტოვს შერეული საკონტროლო კომისიის ნებართვისა და სამშვიდობო ბატალიონების ინფორმირების გარეშე გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვს“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
მისი განცხადებით, რუსი სამშვიდობოების მიერ შეუსრულებელია როგორც მათი მანდატით და ასევე სხვა შეთანხმებებით გათვალისიწნებული ამოცანები, „განსაკუთრებით აშკარაა დემილიტარიაციასთან დაკავშირებული ფუნქციების შეუსრულებლობა“.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დემილიტარიზაციის თაობაზე მიღებული 11 გადაწყვეტილებიდან ყველა დარღვეულია.
“მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკა დემილიტარიზაციის არდაშვების კუთხით, პირიქით არნახული მილიტარიზაცია განხორციელდა ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, სადაც პრაქტიკულად მივიღეთ რკინის მუშტი“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, უკანონო იარაღის რეგიონში თავმოყრის ძირითად წყაროს როკის გვირაბი წარმოადგენს, რომლის გაკონტროლების სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა არ სრულდება.
„ძირითადი ფუნქცია, რის გამოც მიღებული იქნა სამშვიდობო ოპერაციის განხორციელება, არის დარღვეული… არ ხორციელდება რეგიონში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება და მათი კონფლიქტის ზონიდან გაყვანა“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისი ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში 18 უკანონო წრთვნა განხორციელდა რუსი გენერლკის ანატოლი ბარანკევიჩის მიერ, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრია.
ხაინდრავას განცხადებით, ასევე დარღვეულია სამშვიდობოების ძირითადი მახასიათებელი – ნეიტრალობა. „მას შემდეგ, რაც რეგიონში უკანონოდ ჩატარდა პასპორტიზაცია, ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როცა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარ 40–45 ათასს [სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ოს] მოქალაქეს იცავს რუსეთი“, – აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
„საქართველოში რუსეთის სამშვიდობო ძალების ბატალიონი წარმოადგენს საფრთხეს და მისი გაჩერება არის ყოვლად დაუშვებელი“, – განაცხადა ხაინდრავამ თავის გამოსვლის დასკვნით ნაწილში.
ბეჟუაშვილი: სამშვიდობო გეგმაზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია მოვახერხეთ
საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმ საგარეო პოლიტიკურ აქტივობებზე, რომელიც სამშვიდობო გეგმის ე.წ საგზაო რუკის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაცნობის და მხარდაჭერის მიზნით განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 4 თვის განმავლობაში.
მისი თქმით, საქართველოს სამშვიდობო გეგმა მოიწონა გაერომ, ეუთომ, ევროკავშირმა, ნატომ, აშშ–ს სენატმა. მისი თქმით, გასული წელს ეუთოს 5–6 დეკემბრის ლიუბლიანას მინისტერიალზე ამ სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა ასევე რუსეთმაც, თუმცა მოგვიანებით, რუსეთმა მკვეთრად შეიცვალა პოზიცია. „დაიწყო რუსეთის მხრიდან მოქმედებები ამ სამშვიდობო გეგმის შეფერხების და საერთაშორისო საზოგადოების დეზორიენტაციის მიზნით“,– განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.
მისი თქმით, ძალიან საშიში ტენდენციაა და ძალის გამოყენების მუქარას წარმოადგენს მოსკოვის განცხადება, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მოქალაქეების დაცვასთან დაკავშირებით.
„თუმცაუნდა გაგრძელდეს დიალოგი და კონსულტაციები რუსეთთან, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ვენაში 20-21 თებერვალს დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე თბილისი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის დეტალურ გეგმას წარადგენს და მის მიღებას შეეცდება.
მისი თქმით, თუ შსკ მოიწონებს ამ გეგმას, რომელიც დემილიტარიზაციის კონკრეტულ ეტაპებს და ვადებს შეიცავს, კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების არსებობა მნიშვნელოვანი იქნება ამ გეგმის განსახორციელებლად.
ბეჟუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც უამრავი რისკი არსებობს. მაგრამ, მე შევეცადე დამერწმუნებინა ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომ ეს რისკები კონტროლს ექვემდებარება [საქართველოს ხელისუფლების მხრიდან]“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
ოქრუაშვილი: ცხინვალის რეგიონი სამხედრო ბანაკად გადაიქცა
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დეპუტატებს გააცნო მონაცემები, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთში არსებული უკანონო შეიარაღების შესახებ, რომელიც კონფლიქტის ზონაში რუსეთიდან იქნა შეტანილი. ასევე იმ ფაქტების შესახებ, რომელიც ადამიანის გატაცებებს, იარაღით უკანონო ვაჭრობასა და კონტრაბანდას შეეხება.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონი ფაქტიურად სამხედრო ბანაკად გადაიქცა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებაში შედის: 26 ერთეული T-55 ტიპის ტანკი; 57 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-1 და BMP-2; BTR-70 და BTR-80 ერთად 36 ერთეული; 17 ერთეული BRDM სადაზვერვო ჯავშანმანქანა; 6 ერთეული Grad BM-21; თვითმავალი საარტელირიო ქვემეხი 2S1, ე.წ. „გვოზდიკა“ – 8 ერთეული; ქვემეხები: MT-12 – 2 ერთეული, D-44 – 2 ერთეული, D-30 – 4 ერთეული; საზენიტო დანადგარები – ZU-23 – 21 ერთეული, ხელით გადასატანი საზენიტო სისტემები „იგლა“ და „სტრელა“ – 19 ერთეული, ასევე რამდენიმე 60მმ და 120მმ-იანი ნაღმტყორცნი.
მისი თქმით, ყველა ეს შეიარაღება სამხრეთ ოსეთს რუსულმა მხარემ „ოფიციალურად თუ არაოფიციალურად“ გადასცა, რაც არსებული შეთანხმებების დარღვევაა.
ოქრუაშვილის თქმით, სამხრეთ ოსეთის მხარეს შეუძლია 5,500 კაციანი ჯარის მობილიზება, რეზერვისტების ჩათვლით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ძალების რაოდენობა 2,260 სამხედროს შეადგენს; შინაგან საქმეთა სამინისტროს – 1,100; უშიშროების კომიტეტის – 100; უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების – 2,100.
მინისტრმა დეპუტატებს იმ საფორთიფიკაციო ნაგებობების და სანგრების ილუსტრირებული მასალა წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, მრავლად არის კონფლიქტის ზონაში და სამშვიდობოების მიერ მათი მოშლის მიზნით არაფერი კეთდება.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ჩრდილოეთ ოსური ბატალიონი, რომელიც შერეული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შედის, მთლიანად სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებით არის დაკომპლექტებული, რაც არსებული შეთანხმების დარღვევაა.
„ხდება ე.წ ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონის მუდმივი როტაცია, რომლის დროსაც სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანები მიჰყავთ ვლადიკავკაზში და წრთვნიან სამშვიდობო ბატალიონში სამსახურის მიზნით“, – აცხადებს ოქრუაშვილი.
თავდაცვის მინისტრმა საკომიტეტო მოსმენაზე ასევე წარმოადგინა საზენიტო კომპლექსი „სტრელა“, რომელიც სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ცოტა ხნის წინ შეიძინეს ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზიდან.
მან ამიერკავკასიაში რუსული სამხედრო დაჯგუფების შტაბის ერთ-ერთი რუსი ოფიცერი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იარაღით უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებზე, რომლთაც „რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით ან მათი უშუალო ხელშეწყობით“ ჰქონდა ადგილი კონფლიქტის ზონაში. ეს შეეხებოდა ლოკალური შეიარაღებული შეტაკებების და სროლების ფაქტებს, ადამიანთა გატაცებების 60–მდე შემთხვევას და კონტრაბანდის აღკვეთის კონკრეტულ შემთხვევებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს ოპერატიული მასალა, რომელიც ადასტურებს 2004 წლის აგვისტოს მოვლენებში, როცა ქართულ და ოსურ მხარეებს შორის შეტაკება მოხდა, რუსი სამშვიდობოების უშუალო მონაწილეობას როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკითა და დაზვერვის სახით.
„სამშვიდობოების მხარდაჭერით ცხინვალის რეგიონი კრიმინალურ ანკლავად იქცა, ადგილი აქვს ტერორისტული აქტების მომზადების, ადამიანთა გატაცებების, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ყალბი ფულის გავრცელებისა და კონტრაბანდის ფაქტებს“, – განაცხადა შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა 13 თებერვლის საკომიტეტო მოსმენაზე.