რუსეთის საელჩო “სერიოზულ შედეგებზე“ საუბრობს
რუსეთის საელჩომ საქართველოში 13 თებერვალს განაცხადა, რომ რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით “ცალმხრივ ქმედებებს შესაძლოა ყველაზე სერიოზული შედეგები მოყვეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესისა და რეგიონში სტაბილურობის თვალსაზრისით“, იტყობინება ქართული მედია.
13 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საელჩომ აღნიშნა, რომ არსებობს იმის ნიშნები, რომ საქართველოს პარლამენტი 15 თებერვალს მიიღებს დადგენილებას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე. ამიტომაც არ ჩათვალა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა საჭიროდ დასწრებოდა საპარლამენტო კომიტეტების მოსმენას ორშაბათს, დადგენილების მიღებამდე ორი დღით ადრე.
საქართველოს თავდაცვისა, საგარეო საქმეთა და სახელმწიფო მინისტრებმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივ მოსმენაზე მოხსენებები გააკეთეს რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ელჩი მოწვეული იყო, იგი არ დაესწრო სხდომას. “ვფიქრობ, მისი არყოფნა არ იყო კარგი მესიჯი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)