ახალი ამბები

საპარლამენტო მოსმენა ახლოვდება, სამშვიდობოების ბედი კი კვლავ გაურკვეველია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა კომიტეტები ორშაბათს შეიკრიბებიან 15 თებერვალს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენის წინ და რუსი სამშვიდობოების საქმიანობის საკითხს დეტალურად განიხილავენ.  კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა დოკუმენტებს წარადგენს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მიერ მანდატის დარღვევის ფაქტებზე.


მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მინისტრის მოხსენება სამშვიდობოების საქმიანობის თაობაზე უკიდურესად უარყოფითი იქნება, ჯერ საბოლოოდ მაინც არ არის ნათელი, თუ რა იქნება 15 თებერვლის პლენარული სხდომის შედეგი.


როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ გაჟღერებული მკაცრი ტონი მიანიშნებს, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, სამშვიდობოების გაყვანას მოითხოვს. თუმცა, აღმასრულებელი ხელისუფლება უფრო ფრთხილი ჩანს თავის ბოლოდროინდელ განცხადებებში.


პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის საბოლოო სიტყვაც სამშვიდობოებზე გადამწყვეტი იქნება, ჯერ არ გაუჟღერებია თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. 14 თებერვალს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით მიმართავს, სადაც, სავარაუდოდ, თავის საბოლოო პოზიციას დააფიქსირებს რუს სამშვიდობოებთან მიმართებაში.
 
9 თებერვალს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების მანდატის სწრაფი შეცვლა მოითხოვა. მისი თქმით, “უფრო ლოგიკური“ იქნებოდა, თუ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ შერეულ სამშვიდობო ძალებში მხოლოდ რუსული და ქართული ბატალიონები შევიდოდა და გაიზრდებოდა შერეული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის არეალი.


ამჟამად, შერეულ სამშვიდობო ძალებში სამი ბატალიონი შედის – რუსული, ქართული და ჩრდილოეთ ოსური და მისი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ორ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე: ჯავის რაიონზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებების თავშესაფრად აღიქმება და როკის გვირაბზე, რომელიც სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთთან აკავშირებს. თბილისი აცხადებს, რომ როკის გვირაბი რეგიონში იარაღის შემოტანის და კონტრაბანდის მთავარი წყაროა.     


ბეჟუაშვილის თქმით, ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგანაც სულ მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოახსენებს პარლამენტს ასრულებენ თუ არა სამშვიდობო ძალები ნაკისრ ვალდებულებებს.


“თუ ეს შემოთავაზებული ნაბიჯები წარმატებული იქნება, მაშინ პრემიერ-მინისტრი აცნობებს პარლამენტს შერეული სამშვიდობო ძალების საქმიანობის გაუმჯობესების და საერთო სიტუაციის თაობაზე“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


10 თებერვალს კიევში დსთ–ს პარლამენტთაშორისი საბჭოს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არსებული სამშვიდობო ოპერაციის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა და ახალ საერთაშორისო მანდატში სხვა ქვეყნების ჩართვაც მოითხოვა.


“ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი უკრაინელი მეგობრები ან სხვა რომელიმე სხვა სახელმწიფოები მიიღებენ მონაწილეობას ამ მანდატში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 10 თებერვალს. მისი თქმით, თბილისი არ გამორიცხავს საერთაშორისო მანდატის ფარგლებში რუსი სამხედროების მონაწილეობასაც, “თუმცა მხოლოდ მათი მონაწილეობა ჩვენთვის მისაღები აღარ არის”, – აცხადებს ბურჯანაძე.  


ოპოზიციონერი პარლამენტარები დაჟინებით ითხოვენ რუსი სამშვიდობოების დაუყოვნებლივ გაყვანას.


“იმედი მაქვს, რომ [საპარლამენტო] უმრავლესობა იქნება მყარად გამოხატულ პოზიციაზე და საქართველოს პარლამენტი ერთსულოვან გადაწყვეტილებას მიიღებს სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით“, – განუცხადა “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “სივილ ჯორჯიას“.


“ფრაქცია ამ გადაწყვეტილების მიღებას 4  თვის წინ ითხოვდა და მხარს არ უჭერდა ამ საკითხის თებერვლამდე გადადებას. განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ეს თვეები არაფერში გამოგვადგა, რადგანაც, როგორც მოსალოდნელი იყო, სამშვიდობოებთან დაკავშირებით სიტუაცია არ გამოსწორებულა“, – დასძინა მან.


დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს პოზიცია, რომელმაც საქართველოს პარლამენტს სამშვიდობოებთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდა “გავლენას არ მოახდენს საქართველოს ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებაზე“.


აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ  ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე ვენაში განაცხადა, რომ ქართული მხარის თხოვნამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე “შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.


“აშშ სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს და ეს აბსოლუტურად გასაგებია, რათა არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე, მშვიდობიანად დავემშვიდობოთ რუსის ჯარს და არა იარაღის ჟღარუნით. სამშვიდობოების გაყვანა სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად“, –  განაცხადა ბერძენიშვილმა.


დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა “კონსერვატორული პარტიიდან“ განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანა ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას.


“ჩვენ იმთავითვე ვაცხადებთ, რომ მხარს დავუჭერთ სამშვიდობოების გაყვანას 15 თებერვალს… ამ დადგენილების მიღების შემდეგ საქართველოს მთავრობამ მიზანმიმართული, მშვიდობიანი, გონივრული და გათვლილი პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველებსა და ოსებს შორის შედგეს დიალოგი რუსების მონაწილეობის გარეშე“, – განუცხადა ძიძიგურმა “სივილ ჯორჯიას“. “რესპუბლიკელები“ და “კონსერვატორები“ საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიულ ფრონტში“ არიან გაერთიანებული.


“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი ფრაქცია ასევე უჭერს მხარს რუსი სამშვიდობოების გაყვანას, “თუმცა, ვშიშობ, რომ ამისათვის ხელისუფლება არ არის მზად“.


“და ამიტომაც ჩვენ ზოგჯერ გვესმის გაუგებარი მესიჯები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ამ საკითხის გარშემო, რაც გვაფიქრებინებს, რომ მთავრობა ორჭოფობს“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს 9 თებერვალს.


თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს სამოქმედო გეგმა და “ზუსტად იცის, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები“.


“რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ გეგმაზე საუბარს, რადგანაც არ არის საჭირო ყველამ იცოდეს ამის შესახებ“, – განაცხადა მაია ნადირაძემ 9 თებერვალს.  

Back to top button