ახალი ამბები

აშშ საქართველოს სამშვიდობოებთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ 9 თებერვალს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლაში განაცხადა, რომ ქართული მხარის თხოვნამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე “შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.


აშშ-ს ელჩმა ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოხსენების საპასუხოდ გააკეთა, რომელშიც ბეჟუაშვილმა სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებასა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.  


“ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს სუვერენული საქართველოს  პარლამენტს სიფრთხილით მოეკიდოს შერეული სამშვიდობო ძალების ეფექტურობის საკითხის გადაწყვეტას. ჩვენ ვეთანხმებით, და ეუთოს მოხსენებები ადასტურებენ, რომ შერეული სამშვიდობო ძალები შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს. და მაინც, თხოვნამ სამშვიდობოთა გაყვანის თაობაზე მათი ჩანაცვლების გარეშე შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამ მიმართებაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელი შეუწყოს თავისი ძალების შევსებას შერეულ სამშვიდობო ძალებში სწორი ბალანსის შესანარჩუნებლად. ეს უნდა გაკეთდეს არსებული მექანიზმების ზუსტი დაცვით, სრული გამჭირვალობის პირობებში და წინა შეთანხმებების შესაბამისად“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე.


საქართველოს პარლამენტი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების საქმიანობის საკითხს 15 თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს. ქართველმა პარლამენტარებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი სამშვიდობოების გაყვანას უყრიან კენჭს, იმ შემთხვევაში თუ მათი საქმიანობა უარყოფითად შეფასდება.


თავის გამოსვლაში, აშშ-ს ელჩმა ჯული ფინლიმ ხაზი გაუსვა აშშ-ს “მტკიცე მხარდაჭერას“ საქართველოს ფარგლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი და მოუწოდა “ყველა მხარეს, უმეტესწილად კი სამხრეთ ოსურს, გამოავლინონ პოლიტიკური ნება, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს“.


აშშ-ს ელჩმა ასევე მოუწოდა “მხარეებს დაიცვან არსებული შეთანხმებები და დაუყონებლივ განახორციელონ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია”.


ჯული ფინლიმ განაცხადა, რომ ეუთოს მიერ დეკემბერში სამხრეთ ოსეთის შესახებ საქართველოს სამშვიდობო გეგმის აღიარება, როგორც “საფუძველი კონფლიქტის შემდგომი მოგვარებისა“, რასაც მოყვა სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის პასუხი, დადებითი იმპულსი იყო სამშვიდობო პროცესისთვის.


“თუმცა, შერეული სამშვიდობო კომისიის შეხვედრა მოსკოვში 27 დეკემბერს იმედგაცრუება იყო. საერთო ჯამში, პროცესი წინ არ წასულა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შსკ-ს შემდეგი შეხვედრა უფრო რეალურ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა მან.


სავარაუდოდ, შერეული საკონტროლო კომისიის შემდეგი სხდომა მიმდინარე თვეში ვენაში გაიმართება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ დე გუხტის ინიციატივით.   

Back to top button