ახალი ამბები

ხაინდრავა ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 9 თებერვალს განაცხადა, რომ ქართული სამხედრო პოლიციის მიერ 8 თებერვალს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაკავებული სამი რუსი ოფიცერი შესაძლოა დეპორტირებულ იქნას. 


ქართველი სამართალდამცავების თქმით, რუსი ოფიცრები ქართულ სოფელ ქურთაში ვიზების უქონლობის გამო დააკავეს. ხაინდრავას განცხადებით, ქართული მხარე მზად იყო ამ სამი ოფიცრისთვის ვიზები გაეცა, მაგრამ მათ პასპორტებიც კი არ აღმოაჩნდათ.


“როდესაც ჩვენ მოვინდომეთ ამ ეპიზოდის მოგვარება ცივილიზებულად და ვიზების გაცემა, აღმოჩნდა, რომ უპასპორტოდ არიან წამოსულები … ბუნებრივია, მოხდება მათი დეპორტაცია“, – განაცხადა ხაინდრავა “რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.


მან უარყო ინფორმაცია 8 თებერვალს სოფელ ერედვში 250 ქართველი ჯარისკაცის შეყვანის თაობაზე და მას “ტოტალური ტყუილი“ უწოდა.


“დილამდე ვრცელდებოდა მცდარი ინფორმაცია. არავითარი დამატებითი ჯარები შეყვანილი არ არის [კონფლიქტის ზონაში]. სამშვიდობო კონტიგენტში განსაზღვრული ჩვენი კვოტა შევსებული არა გვაქვს [თითოეულ მხარეს – რუსულს, ოსურს და ქართულს აქვს უფლება იყოლიოს 500 სამხედრო შერეულ სამშვიდობო ძალებში]. ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ შევიყვანოთ ჯარები, მაგრამ არ შეგვიყვანია“, – განაცხადა ხაინდრავამ.


მისი თქმით, რუსმა სამშვიდობოებმა  9 ერთეული სამხედრო ტექნიკა განათავსეს კონფლიქტის ზონაში მდებარე რამდენიმე სოფელში შერეულ საკონტროლო კომისიასთან შეუთანხმებლად, რაც არსებული შეთანხმებების დარღვევაა.


“მე ვამზადებ საპროტესტო წერილს სამხედრო ტექნიკის ამ გადაადგილების წინააღმდეგ. გუშინ ღამე მე ბორის ჩოჩიევსაც [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოადგილე] ველაპარაკე და მან დაადასტურა, რომ მასთანაც არ ყოფილა შეთანხმებული ამ ტექნიკის გადაადგილება. ეს არის თვითმოქმედება გენერალ [მარატ] კულახმეტოვის [შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურის]“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა მარატ კულახმეტოვს დაეკისრება.


მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში კიდევ უფრო მეტი პროვოკაციებია მოსალოდნელი. მისი თქმით, ეს პროვოკაციები იქნება “მოსკოვის პასუხი“ თბილისის მტკიცე პოზიციაზე რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტი 15 თებერვალს უყრის კენჭს კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხს. 

Back to top button