ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონი: შესაძლო სცენარები







რუსი სამშვიდობოების საგუშაგო მეღვრეკისში,
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონა.
7 თებერვალს დაგეგმილი მთავრობის საპარლამენტო მოსმენის მოახლოებასთან ერთად, რომელიც, სავარაუდოდ,  სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნში გადაიზრდება, ქართველი ექსპერტები იმ შესაძლო სცენარებზე მსჯელობენ, რაც ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მოჰყვეს. 


ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსული ჯარების გაყვანასთან ერთად გაიზრდება პროვოკაციების ალბათობაც, შემდგომში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდის რისკით, თუმცა ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ რუსი სამშვიდობოები მაშინვე არ დატოვებენ კონფლიქტის ზონას და პროცესი გაიწელება.

სამართლებრივი საფუძვლები

რუსული ჯარები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, ქართველ და ოს სამხედროებთან ერთად, შერეული სამშვიდობო ძალების კომპონენტს შეადგენენ.

შერეული სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების თანახმად განთავსდა. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა და საქართველოს სახელმწიფოს მაშინდელმა მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ამ შეთანხმებას ხელი სოჭში მოაწერეს.


მიუხედავად იმისა, რომ შერეული სამშვიდობო ძალები სოჭის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, შერეული ძალების დეტალური მანდატი იმავე წელს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებით დაზუსტდა. შერეული საკონტროლო კომისიაც (შსკ), რომელიც ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს, 1992 წლის სოჭის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.  


1992 წლის სოჭის შეთანხმება და შერეული საკონტროლო კომისიის შემდგომი გადაწყვეტილებები ავალებს შერეულ სამშვიდობო ძალებს უზრუნველყონ მშვიდობა და დაიცვან კანონი და წესრიგი კონფლიქტის ზონაში. თუმცა, 1997 წლის თებერვალში  შერეული სამშვიდობო ძალების მანდატში შსკ-ს გადაწყვეტილებით ცვლილებები იქნა შეტანილი და მანდატიდან ამოღებულ იქნა “კანონისა და წესრიგის დაცვის“ კომპონენტი. მაშინ ეს გადაწყვეტილება შსკ-მ ქართველ და ოს სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებითა და კონფლიქტის ზონაში კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესებით ახსნა.


შერეული სამშვიდობო ძალები უფლებამოსილი არიან განაიარაღონ და დაშალონ  კონფლიქტის ზონაში მოქმედი შეიარაღებული უკანონო ჯგუფები, ასევე მოახდინონ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია.


შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურს რუსული მხარე ნიშნავს. ამჟამად, ეს პოსტი გენერალ-მაიორ მარატ კულახმეტოვს უკავია. შერეული სამშვიდობო ძალები სამი ბატალიონისგან შედგება. თითოეულ მხარეს – ქართულს, რუსულს და ოსურს – შეუძლია ჰყავდეს მაქსიმუმ 500 სამხედრო თავის ბატალიონში. თუმცა, მათ ასევე შეუძლიათ დამატებით 300 კაცი განათავსონ, თუმცა მხოლოდ შსკ-ს ნებართვით.


ამჟამად, შერეული სამშვიდობო ძალების პასუხიმგებლობის ზონაში 140 ოსური და 130 ქართული სოფელი შედის. თუმცა ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ შერეული სამშვიდობო ძალების საქმიანობა ძირითადად კონფლიქტის ზონაშია კონცენტრირებული, რომელიც ცხინვალის გარშემო 15 კილომეტრის რადიუსზე ვრცელდება. შერეული ძალების შტაბბინა ცხინვალში მდებარეობს. რუს სამშვიდობოებს კონფლიქტის ზონაში დაახლოებით 10 საგუშაგო აქვთ.


შსკ-ს 1992 წლის 6 ივლისის შეთანხმების თანახმად, შერეული სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონაში დარჩენის ხანგრძლივობას განსაზღვრავენ რუსეთის და საქართველოს სახელმწიფოთა მეთაურები. ამავე შეთანხმების თანახმად, “შსკ ამ საკითხზე წინადადებებს სთავაზობს სახელმწიფოთა მეთაურებს“. 


პოლიტიკურ მიმოხილველთა თქმით, კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების საქმიანობის შესაწყვეტად საქართველოს მოუწევს 1992 წლის სოჭის შეთანხმების დენონსირება. ამ შეთანხმებიდან გამოსვლას ავტომატურად მოყვება შსკ-ს ფორმატის შეწყვეტაც.


სცენარები


მაშინ როცა საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები ნათლად მიანიშნებს, რომ თბილისი აშკარად მოითხოვს რუსული ჯარების გაყვანას, რუსეთის ოფიციალური პირების კომენტარებში არ ჩანს მკაფიოდ, თუ როგორი იქნება ამაზე მოსკოვის რეაქცია.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 3 თებერვალს განაცხადა, რომ სამშვიდობოთა ბედი ქართულმა მხარემ ცალმხრივად არ უნდა გადაწყვიტოს და რომ ამ საკითხში სამხრეთ ოსეთის მხარის პოზიციაც გასათვალისწინებელია.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2 თებერვალს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე დაარწმუნა სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომ მოსკოვი „დაიცავს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები თავისი მოქალაქეების ინტერესებს“.


საქართველოს გენშტაბის ყოფილი მეთაური ვახტანგ  კაპანაძე, რომელიც 2004 წელს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურიც იყო, აცხადებს, რომ მოვლენები შესაძლოა ორი ძირითადი სცენარით განვითარდეს.


“რა თქმა უნდა, რუსული ჯარების გაყვანას შესაძლოა დაძაბულობა მოყვეს. აფხაზეთისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთში საქმე უფრო რთულადაა, რადგან ქართული და ოსური სოფლები შერეული და ერთმანეთთან შეჭრილ–შემოჭრილია და ამ მხრივ რთული იქნება სიმშვიდის დაცვა და შესაძლო შეტაკებების ან პროვოკაციების თავიდან არიდება“, – განუცხადა ვახტანგ კაპანაძემ „სივილ ჯორჯიას“.


მისი თქმით, ძალიან ადვილია სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება ისეთ რეგიონში, როგორიცაა სამხრეთ ოსეთი.


“პროვოკაციებიკი ნამდვილად იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ რუსეთი შეეცდება აჩვენოს მსოფლიოს, რომ მათი გაყვანა იყო არასწორი… რუსი სამშვიდობოები შესაძლოა გავიდნენ, მაგრამ იქ დატოვებენ ისეთ ნაღმებს, როგორიცაა გარკვეული ძალა და შეიარაღება და გააგრძელებენ ფარულ მხარდაჭერას ოსური მხარისადმი“, – დასძინა მან.


კაპანაძე ვარაუდობს, რომ მეორე შესაძლო ვარიანტი იქნება რუსეთის უარი ჯარების გაყვანაზე. “რუსული მხარე განაცხადებს, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვიცავთ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და უარს იტყვიან ჯარების გაყვანაზე“, –  განაცხადა კაპანაძემ. 


მისი თქმით, სუფთა სამხედრო თვალსაზრისით რუსი სამშვიდობოების გასვლას დიდი ცვლილება არ მოყვება. “ერთი ბალატიონი გავა თუ არ გავა ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ჩვენთვის და სამხედრო თვალსაზრისით ძალთა გადანაწილებაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს“, დასძინს კაპანაძე.


თემურ იაკობაშვილმა, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა  “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანა “სავარაუდოდ უფრო ხანგრძლივი პროცესი იქნება, ვიდრე ეს მოსალოდნელია“.


“ამის გარდა, ვფიქრობ, რომ შეიძლება შეიცვალოს სამშვიდობოების ფორმატი და რაღაც სხვა ფორმებში გადავიდეს ეს ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, რომ ისევ რუსების მონაწილეობით, მაგრამ არა მარტო მათი, არამედ  სხვა უფრო ნაკლებად დაინტერესებული ძალების მონაწილეობით“, – განაცხადა მან.


მისი თქმით, რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხის დაყენებით, თბილისი მიზნად ისახავს არსებული სტატუს კვოს შეცვლის გზით გაყინული კონფლიქტის მოგვარებას.

“ახლა არ არის სროლა რეგიონში, მაგრამ კონფლიქტის დარეგულირებაც არ ხდება. ამდენად თბილისისთვის არსებული სტატუს კვო არის მიუღებელი და ყველაფერი, რაც ხდება, არის სტატუს კვოს შეცვლის მცდელობა“, – დასძინა მან.


თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ თბილისის მცდელობა გაიყვანოს რუსული ჯარები შესაძლოა უკავშირდებოდეს ქართული მხარის მცდელობას გამოიყენოს ძალა.


“ვშიშობ, რომ თბილისის მცდელობა მიაღწიოს რუსი სამშვიდობოების გაყვანას არის მზადება კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარებისთვის. ამგვარი მცდელობის მოწმენი უკვე გავხდით 2004 წლის ზაფხულში [როდესაც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის შეტაკებები მსხვერპლით დასრულდა]… ამგვარი მინიშნებები საქართველოს ზოგიერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებებშიც იგრძნობა“, – განუცხადა ანალიტიკოსმა შალვა ფიჩხაძემ “სივილ ჯორჯიას“.


ანალიტიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთში მოვლენათა განვითარება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თბილისისა და მოსკოვის პოლიტიკურ ზრახვებზე.


“მშვიდობის შენარჩუნება სამშვიდობოების გარეშეც შესაძლებელია. აფხაზეთში კონფლიქტის დასრულებიდან ერთი წლის მანძილზე სამშვიდობოები არ შესულან. სამშვიდობოები ყარაბაღში საერთოდ არ არიან. მთავარი ის არის თუ რა იქნება თბილისის და მოსკოვის პოლიტიკური მიზანი, მას შემდეგ რაც სამშვიდობოები გავლენ“, – აცხადებს ფიჩხაძე. 

მსგავსი/Related

Back to top button