
ქარელის რაიონში საზენიტო დანადგარი აღმოაჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურმა 2 თებერვალს ქარელის რაიონში ხელით გადასატანი რუსული წარმოების საზენიტო კომპლექსი ე.წ. “იგლა“ აღმოაჩინა.
3 თებერვალს შს სამინისტროს ვებ-გვრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ სამხედრო–საბრძოლო მოწყობილობას, რომლის დანიშნულება საფრენი აპარატების ჩამოგდებაა, მიმართულება საქართველოს პრეზიდენტის საჰაერო მარშრუტზე ჰქონდა.
“ეს ადგილი არის უშუალო სიახლოვეს ვერტმფრენით მოძრაობის სავარაუდო მარშრუტებთან, თუმცა ჩვენ გვიჭირს გამოთვლა თუ როდის იქნა დაგდებული საზენიტო დანადგარი. ამიტომ მე გამიჭირდება კონკრეტულად რომელი საფრენი საშუალების ან რომელი რეისის წინააღმდეგ იქნა დაგეგმილი ეს ტერორისტული აქტი, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ 99% ყველა საფრენი აპარატის, რომელიც მიფრინავს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან პირიქით, მოძრაობს სწორედ ამ მარშრუტზე, მათ შორის პრეზიდენტიც“, – განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.