ახალი ამბები

პუტინი კონფლიქტებისთვის “უნივერსალური პრინციპების“ გამოყენებაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 31 იანვარს კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ “გაყინული კონფლიქტების“ მოგვარების დროს “უნივერსალური პრინციპების“ გამოყენებაა საჭირო.


კრემლში პრეს-კონფერენციაზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს, რომ კოსოვო სერბიის ნაწილია.


“თუ ვინმე ფიქრობს, რომ კოსოვოს შესაძლებელია სრული დამოუკიდებლობა მიენიჭოს, რატომ უნდა ვუთხრათ ამაზე უარი აფხაზეთს, ან სამხრეთ ოსეთს? მე იმაზე ვსაუბრობ, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი. ჩვენ ვიცით, მაგალითად, რომ თურქეთმა აღიარა ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკა. იმის თქმა არ მინდა, რომ რუსეთი მაშინვე აღიარებს აფხაზეთს, ან სამხრეთ ოსეთს როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებს, თუმცა ამის პრეცედენტები უკვე არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში. ახლა ამას [პრეცედენტებს] არ ვაფასებ; იმისათვის, რომ სამართლიანად მოვიქცეთ იმ ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ჩვენ გვჭირდება საყოველთაოდ აღიარებული, უნივერსალური პრინციპები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. სწორედ ეს იყო, რასაც ვგულისხმობდი მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე გუშინ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


30 იანვარს პრეზიდენტმა პუტინმა დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს “უნივერსალურობის“ პოლიტიკა წამოწიოს კოსოვოს მომავალი სტატუსის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე, რაც, პუტინის თქმით, შესაძლოა გახდეს მოდელი სხვა კონფლიქტებისთვისაც. 


31 იანვარს ლონდონში გაიმართა კოსოვოს კონფლიქტის თაობაზე შექმნილ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც  შედიან აშშ, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი და იტალია. ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჟან მარი გიენო, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჰავიერ სოლანა და ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით 1 თებერვალს იტყობინება, რომ საკონტაქტო ჯგუფის წევრებს სურდათ საბოლოო გადაწყვეტილებაში ჩაეწერათ, რომ კოსოვოს საკითხის დარეგულირება არ შექმნის პრეცედენტს სხვა კონფლიქტების გადაწყვეტისთვის. “ჩვენ ამას არ დავეთანხმეთ და შედეგად, ასეთ პოზიციას დოკუმენტი არ შეიცავს“, – განაცხადა ლავროვმა.

თუმცა იგი არაფერს ამბობს დოკუმენტში იმ “უნივერსალური პრინციპების” ასახვაზე, რომელზეც დირექტივა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო შეხვედრის წინ.


რუსეთი ასევე შეეწინააღმდეგა კოსოვოს სტატუსზე მოლაპარაკებების 2006 წლის განმავლობაში დასრულების თაობაზე საკონტაქტო ჯგუფის წევრების მოთხოვნას, რადგან ლავროვის თქმით, ეს “ხელოვნურად“ შემზღუდავი ვადაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button