ახალი ამბები

პარლამენტის დადგენილებით განსაზღვული ვადის ამოწურვასთან ერთად ცხინვალის რეგიონში ვითარება იძაბება

31 იანვარს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარი ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევა ქართველ სამართალდამცავებსა და რუს სამშვიდობოებს შორის სერიოზული დაპირპისპირების მიზეზი გახდა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა საპარლამენტო მოსმენის წინ, რაც, სავარაუდოდ, კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნით დასრულდება.


გუშინ საღამოს 18 საათზე რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანა სოფელ ტყვიავის ადგილობრივი მაცხოვრებლის მანქანას შეეჯახა. სოფელი ტყვიავი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, თუმცა შერეული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის არეალში ხვდება.


ქართულმა შენაერთებმა, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, შედიოდა სამხედრო პოლიცია, ადგილობრივი პოლიცია და ქართველი სამშვიდობოები, დააკავეს რუსული მანქანა და “შემდგომი მოკვლევისათვის“ გორში გადააგზავნეს.


ქართულმა ტელეკომპანიებმა უჩვენეს კადრები, თუ როგორ ჩხუბობდნენ რუსი სამშვიდობოები და ქართველი სამართალდამცავები იმ პირობებში, რომ რუსმა სამშვიდობოებმა სოფელში ჯავშანტექნიკის რამდენიმე ერთეული შეიყვანეს, რასაც წინ უძღოდა ქართული პოლიციის გადაწყვეტილება რუსი სამშვიდობოების მანქანის დაკავების თაობაზე.


სამხრეთ ოსური და რუსული მხარის განცხადებით, თბილისმა სოფელში დამატებითი ძალები შეიყვანა – დაახლოებით 500-მდე ჯარისკაცი გორის ბატალიონიდან, რაც სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით “არის არსებული შეთანხმებების დარღვევა“. თუმცა, ქართულმა მხარემ უარყო ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში დამატებითი ჯარების გაგზავნის თაობაზე. დაძაბულობა 1 თებერვალს მას შემდეგ  განიმუხტა, რაც რუსმა სამშვიდობოებმა სოფელ ტყვიავიდან ჯავშანტექნიკა გაიყვანეს.


1 თებერვალს რუსმა და ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს “პროვოკაციის მოწყობაში“. თუმცა, ორივე მხარე აცხადებდა, რომ დაძაბულობის შეიარაღებულ კონფრონტაციაში გადაზრდის რისკი ძალიან მაღალი იყო.


შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა, რომელიც შემთხვევის ადგილას მივიდა, განაცხადა, რომ ინციდენტის პროვოცირება ქართულმა მხარემ მოახდინა.


“იმ შემთხვევაში, თუ განმეორდება ანალოგიური ინციდენტი, რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობა მზად იქნება უმკაცრესი ზომები მიიღოს, იარაღის გამოყენების ჩათვლით“, – იტყობინება “რია ნოვოსტი“ მარატ კულახმეტოვის სიტყვებზე დაყრდნობით.  


სხვა ქართველი ოფიციალური პირებისგან განსხვავებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ინციდენტზე შედარებით ზომიერი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თბილისი თავს შეიკავებს რაიმე “რადიკალური ზომებისგან“ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში.


“ჩვენ მზად ვართ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადავდგათ, ოღონდ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე იმპულსურ, ზედმეტად რადიკალურ ისეთ მოქმედებებს, რომელმაც ოდნავ მაინც შეიძლება დააზარალოს საქართველო“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სააკაშვილმა.


როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ტონი რუსი სამშვიდობოების მიმართ უფრო მკაცრი იყო. მისი თქმით, მას შემდეგ რაც რუსი სამშვიდობოები საჯაროდ მოიხდიან ბოდიშს ამ ინციდენტზე და აუნაზღაურებენ ზარალს იმ მოქალაქეს, რომელსაც მიაყენეს დაზიანება, მათ დაუბრუნდებათ თავიანთი მანქანა.


“რუსი ჯარისკაცები ძალიან თავხედურად მოიქცნენ… ბუნებრივია, რომ სამხედრო პოლიციამ და ასევე კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულმა სამშვიდობო ჯარის ქართულმა კონტიგენტმა გადაწყვიტეს წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის და ჩამოერთმიათ მანქანა… ასევე თავხედური გამოხდომა იყო მათი მხრიდან, როდესაც მოახდინეს მძიმე ტექნიკის მობილიზება სოფელ ტყვიავში… ამიტომ ჩვენ საკადრისი პასუხი გავეცით და მაინც ჩამოვართვით ის [რუსი სამშვიდობოების კუთვნილი] მანქანა მიუხედვად იმისა, რომ მცირე დაძაბულობა არსებობდა და იყო საშიშოება კონფლიქტის ესკალაციისა“, –  განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
 
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები “გარკვეულ საფრთხეს“ უქმნიან საქართველოს.


პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 31 იანვრის ინციდენტი “კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მუდმივად ვართ პროვოკაციის და აფეთქების საშიშროების წინაშე“.


მისი თქმით, რუსმა სამშვიდობოებმა “სამწუხაროდ ვერ გამოიყენეს პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილებით მიცემული ოთხთვიანი ვადა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამოსასწორებლად“.

ბურჯანაძეს მხედველობაში ჰქონდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 ოქტომბერს მიღებული დადგენილება. დადგენილების თანახმად, მთავრობამ 10 თებერვლისთვის პარლამენტს უნდა აცნობოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო პროცესის თაობაზე. თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ სამშვიდობოების საქმიანობაში პროგრესი არ აღინიშნა, მთავრობას 15 თებერვლიდან სამშვიდობოების გაყვანის პროცედურების დაწყებას დაავალებს.


დეპუტატები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ მთავრობის შეფასებებს 7 თებერვალს მოისმენენ. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი მთავრობას 15 თებერვლიდან სამშვიდობოების გაყვანის პროცედურების დაწყების მითითებას მისცემს.

Back to top button