skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა

26 იანვარს მსოფლიო ბანკის დელეგაცია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სამხრეთ კავკასიის განყოფილების რეგიონალური დირექტორის დონა დაუსეთ-კოიროლოს ხელმძღვანელობით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა.


პრემიერ-მინისტრმა მსოფილო  ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს ენერგოსისტემაში არსებული ვითარება გააცნო, რომელიც 22 იანვარს რუსეთის ტერიტორიაზე, ორ გაზსადენზე და ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი აფეთქებების შედეგად შეიქმნა.


პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგოკრიზისის პირობებში კომპანია  „გაზპრომი”, მიუხედავად საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციისა, არ აწვდის აზერბაიჯანს საქართველოს ენერგოსისტემისათვის განკუთვნილ ბუნებრივ აირს.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამგვარი სიტუაციიდან გრძელვადიან გამოსვლას საქართველოსთვის ენერგომატარებლების მოწოდების დივერსიფიცირება წარმოადგენს.
 
თავის მხრივ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ის პოზიტიური ძვრები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეინიშნება. გამოითქვა იმედი, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საგრძნობლად მოიმატებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button