skip to content
ახალი ამბები

რუსული მხარე გონიოს ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის მეთაურის ანდრეი პოპოვის ინფორმაციით, 20 იანვარს საქართველოს “სამხედრო პოლიციის 25–კაციანი ჯგუფი” შეეცადა გონიოს პოლიგონზე რუსული ობიექტების დაკავებას, იუწყება 21 იანვარს “რია ნოვოსტი“.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 იანვარს ქართველი სამხედროები გონიოს პოლიგონზე სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებდნენ, თუმცა იქ მყოფმა რუსმა სამხედროებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და პოლიგონის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.


ქართული და რუსული მხარეების ინფორმაციით, ინციდენტი ამ დროისათვის ამოწურულია. 
 
“21 იანვარს მოიერიშე ჯგუფმა დატოვა გონიოს პოლიგონის რუსული ობიექტები“, – აცხადებს პოპოვი.


მისი თქმით, რუსი სამხედროებისა და მათი კუთვნილი ობიექტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები აღკვეთილი იქნება. “ამისთვის ჩვენ საკმაო ძალა და საშუალება გაგვაჩნია“, – დასძენს ანდრეი პოპოვი.


გონიოს სამხედრო პოლიგონი, სადაც წლების განმავლობაში რუსული სამხედრო ნაწილები იყო განლაგებული, ქართულ მხარეს გასული წლის სექტემბერში გადმოეცა 30 მაისს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ რუსული ბაზების გაყვანისა და რუსეთის კუთვნილი სამხედრო ობიექტების საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. თუმცა პოლიგონის გარკვეული ობიექტები ჯერ კიდევ რუსი სამხედროების სარგებლობაში რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button