ახალი ამბები

სააკაშვილი: უკრაინაში სამთავრობო კრიზისი არ არის

პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, იგი არ ფიქრობს, რომ უკრაინაში სამთავრობო კრიზისია. ეს განცხადება ასტანაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის რადამ რუსეთთან გაზის ღირებულებაზე გარიგების გამო მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის დათხოვნის თაობაზე.


“ჩვენ დიდი ინტერესით ველით მარტის [საპარლამენტო] არჩევნებს [უკრაინაში]. შემიძლია განვაცხადო, რომ [უკრაინის] პრეზიდენტი იუშჩენკო და მისი გუნდი კარგ ფორმაში არიან, მოტივირებული არიან და იციან რას აკეთებენ. ჩვენ გვყავს ძლიერი და სანდო პარტნიორები. არა მგონია, რომ იქ რაიმე კრიზისული განწყობაა“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


სააკაშვილი თავის უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იუშჩენკოს 10 იანვარს ქალაქ ასტანაში შეხვდა, სადაც ორივე პრეზიდენტი ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა. სააკაშვილის განცხადებით, მას “ხანგრძლივი საუბარი“ ჰქონდა იუშჩენკოსთან, რომლის დროსაც უკრაინაში განვითარებული მოვლენები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


ვიქტორ იუშჩენკომ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება მთავრობის დათხოვნის თაობაზე “არაგონივრული“ და “ანტი-კონსტიტუციური“ იყო. მისი თქმით, რუსეთთან შეთანხმებული გაზის ღირებულება – 95 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრზე – “კომპრომისი იყო“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button