skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთის ენერგოპოლიტიკას აკრიტიკებს

9 იანვარს Washington Post -ში გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ენერგოფასების და მიწოდების მანიპულაცია საუკეთესო იარაღია იმათთვის რუსეთში, ვისაც სჯერათ, რომ გაზი პოლიტიკური ზეგავლენის საუკეთესო საშუალებაა. 


სააკაშვილის განცხადებით, ხანმოკლე კრიზისს, რომლის დროსაც უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყდა, “ფართო გამოხმაურება უნდა მოყვეს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიზნით და დაისვას კითხვები რუსეთის, როგორც სანდო ენერგომიმწოდებლის, როლის შესახებ“.


მისი თქმით, კრიზისი ნათელი შეტყობინება იყო ევროკავშირისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ “ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი შეუძლებელია, როდესაც არასანდო მეზობელს აქვს სურვილი და შესაძლებლობა თავისი ენერგორესურსები პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოიყენოს“. 


“საბაზრო განაკვეთების მიზეზი, რასაც რუსეთი ტრადიციულად ფასების ასაწევად ან ენერგომომარაგების შესაწყვეტად იყენებს, საუკეთესო შემთხვევაში პირფერობაა. რუსეთის ენერგოფასების უკან არ დგას “თავისუფალი ბაზარი“ ან “საბაზრო განაკვეთები“. ენერგოფასების და მიწოდების მანიპულაცია საუკეთესო იარაღია იმათთვის რუსეთში, ვისაც სჯერათ, რომ ენერგომატარებლები პოლიტიკური ზეგავლენის საუკეთესო საშუალებაა.  საქართველოს ორი რეგიონი, როგორც აფხაზეთი, ისე სამხრეთ ოსეთი, რომლებიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარებიან და რომელთა სეპარატისტ ხელისუფლებასაც რუსეთი აკონტროლებს, უფასოდ იღებენ ბუნებრივ აირს – ეს ის პრაქტიკაა, რომელსაც თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერები ნაკლებად მიესალმებიან“, – განაცხადა სააკაშვილი.


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა რუსეთი საქართველოსა და ყაზახეთს შორის გარიგების ჩაშლის გამო. ეს უკანასკნელი თანახმა იყო საქართველოსთვის გაზი მიეწოდებინა, თუმცა რუსულმა ენერგოკომპანია “გაზპრომმა“ ამ გაზის რუსეთის გავლით ტრანსპორტირებაზე უარი განაცხადა.


სააკაშვილის თქმით, საქართველო “აგრესიულად მიიწევს წინ“ თავისი ენერგორესურსების და ტრანსპორტირების ქსელების დივერსიფიკაციისაკენ.


“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის მშენებლობაც ცოტა ხნის წინ დასრულდა და რომელსაც აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით ნავთობთან ერთად ბუნებრივი აირიც მოყვება, ამ მცდელობის კრიტიკული ნაწილია. ევროპისთვის შავი ზღვის სახელმწიფოები ახალ მარშრუტებს აკონტროლებენ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ენერგორესურსების შემოტანისას. ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ისე რუსეთთან, რათა მთელი სისტემა გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და პოლიტიკური შოკისგან თავისუფალი და იზოლირებული გახდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button