skip to content
ახალი ამბები

შსკ კოკოითის ინიციატივას განიხილავს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის სამშვიდობო ინიციატივას მოსკოვში 27–28 დეკემბერს შერეული საკონტროლო კომისია (შსკ) განიხილავს, იუწყება “რია ნოვოსტი“ 23 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის, შსკ–ს თანათავმჯდომარის ვალერი კენიაიკინის სიტყვებზე დაყრდნობით.


“მთავარი საკითხი შსკ–ს ეგიდით სამუშაო ჯგუფის შექმნა იქნება, რომელიც დაიწყებს ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების შესახებ ერთობლივ პროგრამის შემუშავებას იმ სამშვიდობო ინიციატივებზე დაყრდნობით, რომელიც ედუარდ კოკოითმა წარმოადგინა“, –  განაცხადა ვალერი კენიაიკინმა.


12 დეკემბერს ედუარდ კოკოითი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების ერთობლივი “სამეტაპიანი“ გეგმის შემუშავების წინადადებით გამოვიდა.


კენიაიკინმა აღნიშნა, რომ კოკოითის ინიციატივაში გაზიარებულია ის იდეები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა.


კოკოითის სამეტაპიანი გეგმა თბილისის სამშვიდობო ინიციატივებს სრულად ემთხვევა. კერძოდ, პირველი ეტაპი, ისევე როგორც ეს თბილისის ინიციატივაშია,  იქნება კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, ნდობისა და უსაფრთხოების გარანტიების აღდგენა; მეორე ეტაპი – სოციალურ–ეკონომიკური რეაბილიტაცია; და მესამე ეტაპი – პოლიტიკური დარეგულირება.


“ქართულ მხარეს ესმის, რომ ეხლა კონტრპროდუქტიული და უპერსპექტივოა აწარმოოს საგნობრივი მოლაპარაკებები პოლიტიკური დარეგულირების საკითხებზე პირველი ორი ეტაპის საკითხები გადაწყვეტის გარეშე“, – აღნიშნა კენიაიკინმა.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ “რია ნოვოსტის“ თავის მხრივ განუცხადა, რომ ქართულმა მხარემ პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელისა და ედუარდ კოკოითის შეხვედრის საკითხის მოსკოვში დაგეგმილ შსკ–ს სხდომის დღის წესრიგში გათვალისიწნება მოითხოვა.


“ეს საკითხი დიდი ხანია დგას, მაგრამ [შეხვედრა] ვერანაირად ვერ შედგა“, – დასძინა ხაინდრავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button