ახალი ამბები

კოკოითს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა სურს

14 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ “მზად არის“ შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.


კოკოითმა ქართველი ჟურნალისტებისთვის ცხინვალში პრეს-კონფერენცია მას შემდეგ მოაწყო, რაც 12 დეკემბერს კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი გეგმის შემუშავების თაობაზე საქართველოსა და  რუსეთის პრეზიდენტებს და ეუთოს სხვა წევრი ქვეყნების მეთაურებს წერილები გაუგზავნა. კოკოითი კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიანი გეგმის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რაც ძირითადად იზიარებს თბილისის სამშვიდობო გეგმის პრინციპებს.


მისი თქმით, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიანი გეგმა პირველად, ჯერ კიდევ 2002 წელს თავად გააჟღერა.


“სამეტაპიანი გეგმა სამხრეთ ოსეთის [თვითგამოცხადებული] რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ 2002 წელს გაცხადდა. ამოიღეთ ჩემი განცხადებები. ბევრი თქვენგანი შესაძლოა ესწრებოდით, როცა ჩვენ ვსაუბრობდით ნდობის აღდგენაზე, კონფლიქტის ზონის ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე და მესამე ეტაპზე, პოლიტიკურ დარეგულირებაზე“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.


“მე მადლობელი ვარ სააკაშვილის, რომ მან გააჟღერა ჩემი იდეა [2004 წლის სექტემბერი] გაეროს [გენერალური ასამბლეის] 59-ე სესიაზე. მთავარი არ არის ვინ პირველი გააცხადებს, მთავრია ვინ დაიწყებს პირველი [სამშვიდობო გეგმის] რეალიზებას“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის როლს. “აქ რუსეთის დამსახურება უდიდესია…ზუსტად რუსეთი იძლევა იმპულსს ურთიერთგაგების და ურთიერთნდობის აღდგენისათვის“, – დასძინა კოკოითმა.


ედუარდ კოკოითის განცხადებით, გაურკვეველია თუ რაში “სჭირდება საქართველოს ამდენი შეიარაღება“.


“ჩვენ ხომ ყველამ აქ უნდა ვიცხოვროთ, რად უნდა საქართველოს ამდენი შეიარაღება. ამით ისინი ჩვენ ვერ გვაშინებენ… აქ ყველა იდგება ბოლო წუთამდე, თუ საკითხი დადგება კონფლიქტის საომარი მოქმედებებით გადაწყვეტაზე“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ქართული მხარისგან ასევე მოითხოვს, 1989-91 წლების მოვლენების შეფასებას, რაც 12 დეკემბრის განცხადებაშიც არის ასახული. 


“საჭიროა შეფასდეს ეს აგრესია. მე მადლობელი ვარ იმ პოლიტიკური ძალების და იმ ქართველი პოლიტიკოსების, რომლებიც დღეს ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ. ეს ძალიან ძლიერი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია კონფლიქტის დარეგულირებისაკენ“, – დასძინა ედუარდ კოკოითმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button