ახალი ამბები

ოფიციალური მოსკოვი კოკოითის წინადადებებს მიესალმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ კამინინი 14 დეკემბერს გავრცელებულ შეტყობინებაში  მიესალმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ინიციატივას კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი ქართულ–ოსური გეგმის შემუშავების თაობაზე. 


კამინინმა კოკოითის წინადადებებს “ახალი ინიციატივა“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მასში “ორგანულად შეთვისებულია სამხრეთ ოსური მხარის ადრინდელი წინადადებები და საქართველოს პრეზიდენტის მიერ [2004 წლის სექტემბერში] გაეროს გენერალური ასამბლეის 59–ე სესიაზე გამოთქმული მოსაზრებები“.


თბილისის ინიციატივის ანალოგიურად, 12 დეკემბერს კოკოითის მიერ გახმოვანებული სამშვიდობო წინადადებები კონფლიქტის სამეტაპიან მოგვარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პირველი ეტაპი, იქნება კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, ნდობისა და უსაფრთხოების გარანტიების აღდგენა; მეორე ეტაპი – სოციალურ–ეკონომიკური რეაბილიტაცია; და მესამე ეტაპი – პოლიტიკური დარეგულირება.


“ამავე დროს ეს ინიციატივები – და სწორედ ამაში მდგომარეობს პრინციპული ნოვაცია – არ არის ცალმხრივად წარმოდგენილი “ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია“, არამედ შემოთავაზებულია როგორც საფუძველი,  ნამდვილად ერთობლივი ქართულ–ოსური დარეგულირების პროგრამის მოსამზადებლად. რუსეთი ყოველთვის ამ ხაზის გატარების ერთგული იყო“, – აცხადებს კამინინი.


13 დეკემბერს თბილისი უკვე მიესალმა ცხინვალის წინადადებებს, რომელიც სამშვიდობო გეგმის ქართული ვარიანტის დებულებებს ძირითადში იზიარებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button