ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენ ვაყალიბებთ არსებითად ახალ სახელმწიფო აპარატს

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მოხელეთა ადმინისტრაციული სკოლის გახსნაზე განაცხადა, რომ საქართველოში იქმნება ახალი ტიპის სამოქალაქო სამსახური, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილებისა, აქვს “თანაბარი შანსი, უფლებები და წინსვლის თანაბარი შესაძლებლობები. სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ უზრუნველყოს ასეთი წინსვლა“. 


“ეს არის ქვეყანა, სადაც არის მრავალი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი და გამოირჩევა რელიგიური ტოლერანტულობით, ამ ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი სიძლიერე არის მისი მრავალფეროვნება: მრავალეროვნულობა და მრავალკულტურიანობა. ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ყველას, ვინც აქ ცხოვრობს, მიუხედავად წარმომავლობისა“, – განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა ახალი ადმინისტრაციული სკოლის გახსნის ცერემონიაზე, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა ეროვნების მოქალაქე სახელმწიფო მოხელედ ჩამოსაყალიბებლად საჭირო ცოდნას მიიღებს.


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ტიპის სამოქალაქო სამსახური.


“ჩვენ გვაქვს ამ სამსახურის ეფექტურობის სამი პრინციპი: კომპეტენტურობა, თუ ვერ ართმევს თავს მუშაობას, ვუშვებთ სამსახურიდან და მესამე, კორუმპირებული თანამდებობის პირი მიდის ციხეში. ამ სამ პრინციპზე დგას სამოქალქო სამსახური საქართველოში“, – განაცხადა 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა საკადრო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ხშირ საკადრო ცვლილებებში “ცუდი არაფერი არ არის, რადგან თუ ვერ ართმევს სახელმწიფო მოხელე დაკისრებულ მოვალეობას თავს, უნდა წავიდეს სამსახურიდან ან გადავიდეს უფრო დაბალ თანამდებობაზე, რათა „მივიღოთ ოპტიმალური შედეგი“.


სააკაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან სახელმწიფო აპარატის 10%–ით შემცირებაა დაგეგმილი.


“მეორეს მხრივ, უნდა იყოს სტაბილურობა კადრებში. [2006] წლის ბიუჯეტის მიღებასთან ერთად კადრები მცირდება კიდევ 10%–ით, მაგრამ ამის შემდეგ უნდა დავასტაბილუროთ ეს და ყოველგვარი შემდგომი შემცირებები უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა… სამოქალაქო სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად პატარა იმისათვის, რომ ეს ტვირთად არ დააწვეს საზოგადოებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button