ახალი ამბები

ხაინდრავა შსკ-ს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს

ოსური მხარე ცხინვალში 9 დეკემბერს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდის.
 
7 დეკემბერს რუსეთის საგარო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  8 დეკემბერს ცხინვალში დაგეგმილი შსკ-ს საგანგებო სხდომა მას შემდეგ არ შედგა, რაც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ “გაკვირვება“ გამოთქვა, რუსეთის საგარეო უწყების აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ “ამის შესახებ მოლაპარაკება არ ყოფილა“ და რომ იგი წინასწარ არ იყო გაფრთხილებული დაგეგმილი სხდომის შესახებ.
თუმცა გიორგი ხაინდრავას განცხადება უარყო სამხრეთ ოსური მხარის წარმომადგენელმა შერეულ საკონტროლო კომისიაში ბორის ჩოჩიევმა, რომელმაც ტელეკომპანია “იმედთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ქართული მხარე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ “გასულ კვირას იყო ინფორმირებული“.
 
გიორგი ხაინდრავა მიესალმა შსკ-ს სხდომაზე დასასწრებად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის ვალერი კენიაკინი ჩამოსვლას თბილისში.
 
“კენიაკინს შევხვდები და განვიხილავთ შექმნილ ვითარებას, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული საკითხები და პრობლემები. მე ვთვლი, რომ ვითარება რომელსაც ადგილი აქვს ხაჭაპურიძეების და ლომიძეების ოჯახებთან მიმართებაში უკვე ადამიანურობის ფარგლებს სცილდება. ამან უკვე მიუღებელი ფორმა მიიღო… ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას ამ ვითარებასთან“, – განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ხაინდრავამ.
 
6 ივნისს კონფლიქტის ზონიდან გაუჩინარებულ ძმები ხაჭაპურიძეების და ლომიძის ნათესავებს უკვე მეოთხე დღეა სოფელ ქურთასთან ჯავა-ცხინვალის გზა აქვთ გადაკეტილი და ოსური მხარისგან გარდაცვლილების ცხედრების გადმოცემას ითხოვენ. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაუჩინარებული პიროვნებები ცოცხლები დახოცილები არიან.
 
გიორგი ხაინდრავას განცხადებით, იგი შსკ-ს სხდომაზე მონაწილეობას არ მიიღებს, სანამ არ გადაწყდება ხაჭაპურიძეების და ლომიძის საკითხი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button