skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა 2006 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

დღეს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2006 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, რომელიც თავდაპირველი ვერსიის კორექტირებული ვარიანტია და მასში ასახულია საკომიტეტო განხილვების დროს დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნები.


“ბიუჯეტი აღარ არის ციფრების კრებული, ეს შედეგებზე ორიენტირებული დოკუმენტია“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს პარლამენტში.


თუმცა პრემიერ–მინისტრმა არ გამორიცხა, რომ პარლამენტში ბიუჯეტზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსული “გაზპრომის“ მიერ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის გაძვირების შესახებ “პოლიტიკური გადაწყვეტილების“ მიღების გამო, 2006 წლის ბიუჯეტის პროექტში კიდევ შევიდეს დამატებითი კორექტივები.


ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  საშემოსავლო ნაწილი 2,9 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც  140.1 მლნ ლარი გრანტებზე მოდის.  2006 წლისთვის პრივატიზაციიდან შემოსავლების სახით 333 მლნ ლარი იგეგმება.


მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში 3,2 მლრდ ლარია გამოყოფილი, ხოლო დეფიტიცის დაფინანსების წყაროებზე კი 254,3 მლნ ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2,4 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 2,8 მლრდ ლარს შეადგენს.


მომავალი წლის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტული თავდაცვის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და ენერგეტიკის სფეროები და გზების მშენებლობა იქნება.

საბიუჯეტო ხარჯები მომავალ წელს სამინისტროებზე ასე განაწილდება:


თავდაცვის სამინისტრო – 392,5 მლნ ლარი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 221,5 მლნ ლარი;  საგარეო საქმეთა სამინისტრო – 40,8 მლნ ლარი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – 286,3 მლნ ლარი;  შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურიდაცვის სამინისტრო – 713,3 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტრო – 247,4 მლნ ლარი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 685,8 მლნ ლარი; ეკონომიკური განვითარების სამინისტრო – 197,9 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტრო – 45,9 მლნ ლარი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო – 60,2 მლნ ლარი;  კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის  სამინისტრო – 45,0 მლნ ლარი;  სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 74,1 მლნ ლარი;  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტრო – 42,3 მლნ ლარი; კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 489 ათასი ლარი;   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატი – 588 ათასი ლარი;   რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 464 ათასი ლარი; სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 211 ათასი ლარი.


2006 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტი 7.5 პროცენტით გაიზრდება და 12.9 მლრდ ლარს გადააჭარბებს. ლარის საშუალო გაცვლითმა კურსმა კი ერთ აშშ დოლართან მიმართებაში 1.85 ლარი უნდა შეადგინოს, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 5% უნდა იყოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button