ახალი ამბები

თბილისი უარყოფს ქართული მხარის მონაწილეობას სამხრეთ ოსეთის სროლაში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 2 დეკემბერს უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დღეს დილით განხორციელებულ სროლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალები მონაწილეობდნენ.


“მე გამოვრიცხავ ქართული ძალების მონაწილეობას ინციდენტში. ვფიქრობ, რომ ეს იყო შეტაკება ადგილობრივ [ოსურ] შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის“, – განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს 2 დეკემბერს.


სამხრეთ ოსეთის მხარის ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოთხი ჯგუფი ხუთ-ხუთკაციანი შემადგენლობით შეეცადა ხელში ჩაეგდო ოსურ სოფელ ზარისკენ მიმავალ გზაზე მდებარე საგუშაგო. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართულმა ძალებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიხიეს, რაც საპასუხო ცეცხლი გაიხსნა, რის შედეგადაც ქართველ სამხედროთა გაურკვეველი რაოდენობა დაიჭრა.


ამ გზას სამხრეთ ოსური მხრისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც იგი გარს უვლის ქართულ სოფლებს და ჯავაში შესვლის შესაძლებლობას ქართული სოფლების გვერდის ავლით იძლევა.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ეს თავდასხმა შესაძლოა მის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, იგი სწორედ იმ გზაზე აპირებდა გავლას, სადაც ინციდენტი მოხდა. “დარწმუნებული ვარ, რომ მე ვიყავი თავდასხმის სამიზნე“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


თუმცა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა უარყო ეს ბრალდებები და მათ “უსაფუძვლო“ უწოდა. “ამის გაკეთება რომ გვდომებოდა, ამას უკეთესად მოვახერხებდით, თუმცა ამგვარი რამ არც მოგვსვლია აზრად, რადგანაც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ვგეგმავთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button