skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი საქართველოს ახალ სამხედრო სტრატეგიას აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ეროვნული სამხედრო სტრატეგია, სადაც შეიარაღებული ძალების პრირიტეტებთან ერთად საქართველოს პოტენციურ საფრთხეებს შორის რუსული სამხედრო ბაზები და რუსული სამშვიდობო ძალებია მოხსენიებული.


30 ნოემბერს გამოქვეყნებულ საინფორმაციო შეტყობინებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა თბილისის ამ შეფასებას “აბსურდული“ და “არაგონივრული“ უწოდა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ქვეყნის ეროვნული სამხედრო სტრატეგია, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითად პრინციპებს, პრიორიტეტებს, სამომავლო გეგმებს და საფრთხეებს განსაზღვრავს. ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში გაწერილია გეგმა შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც 2010 წლამდე უნდა შესრულდეს.


“საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები და სამშვიდობო კონტინგენტი ხშირად წარმოადგენდნენ დესტაბილიზაციის ფაქტორს და კვლავინდებურად რჩებიან საფრთხის წყაროდ. მათ სრულ გაყვანამდე საჭირო იქნება ამ საკითხისადმი მუდმივი ყურადღების გამოჩენა. რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის იარსებებენ ძალები, რომლებიც აქტიურ დახმარებას აღმოუჩენენ სეპარატისტულ რეჟიმებს და ამისათვის რუსული სამხედრო ბაზების გამოყენებასაც შეეცდებიან“, – ნათქვამია დოკუმენტში.


მიხეილ კამინინის განცხადებით, მსგავსი დოკუმენტის შემუშავება და სამხედრო სტრატეგიის ფუნქციის განსაზღვრა ნებისმიერი ქვეყნის “კანონიერი უფლებაა“, თუმცა მისი ზოგიერთი ასპექტი განცვიფრებას იწვევს. მისი თქმით, რუსული სამხედრო ბაზები “სტაბილიზაციის გარანტი“ იყო საქართველოში ხშირი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. 


“რუსული სამხედრო ძალები არასოდეს ჩარეულან ქვეყნის შიდა საქმეებში და ყოველთვის მტკიცე ნეიტრალიტეტს იცავდნენ. ამის დამადასტურებელია 2004 წლის მაისში აჭარაში განვითარებული მოვლენები. გარდა ამისა, რუსული სამხედრო ბაზები დადებით როლს თამაშობენ იმ რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის კუთხითაც, სადაც ბაზებია განლაგებული“, – განაცხადა კამინინმა.


მისი თქმით, მაისში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი დაიწყო და არასწორია გაყვანის პროცესში მყოფი ჯარებისთვის “ზურგში ქვების სროლა“.


მისი თქმით, კიდევ უფრო უსაფუძვლოა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები.


“მოგონილი რუსული მუქარა, როგორც ჩანს, ქართველ პოლიტიკოსებს სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური წარუმატებლობის გასამართლებლად, ასევე იარაღის და სამხედრო ტექნიკის შეძენის მიზეზის გასამართლებლად“, – განაცხადა მიხეილ კამინინმა.


მისი თქმით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე განცხადებების მიუხედავად ოფიციალური თბილისი განაგრძობს ამ პრობლემების მოსაგვარებლად ძალის გამოყენების შესაძლებლობის განხილვას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button