
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ვიზიტის შედეგებზე საუბრობს
![]() |
ნოღაიდელი: გაზზე ფასის გაზრდა ქართულ ეკონომიკას დარტყმას ვერ მიაყენებს. |
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 24-25 ნოემბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მთავრობების მეთაურთა სამიტში მიიღო მონაწილეობა. დსთ-დან საქართველოს შესაძლო გამოსვლის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ იგი დსთ-ს სამიტს ესწრება, „ადასტურებს, რომ საქართველოს გამოსვლა ორგანიზაციიდან დღის წესრიგში არ დგას“.
სამიტის პარალელურად ნოღაიდელმა მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან. ამ შეხვედრების დეტალებზე მან საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ ორგანიზებულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
გაზის ღირებულება
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ “გაზპრომი“ მომავალი წლიდან უზრდის გაზის საფასურს საქართველოს არსებული 63 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე (1 000 კუბურ მეტრზე). მან ამ გადაწყვეტილებას “წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება“ უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ გაზის ღირებულების ზრდა არ იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგანაც საქართველო უკვე მომზადებულია ამისათვის.
როდესაც სექტემბერში რუსეთის ენერგოკომპანია “გაზპრომის“ წარმომადგენლებმა წამოიწყეს საუბარი გაზის ღირებულების შესაძლო გაზრდის თაობაზე, ისინი მიანიშნებდნენ ფაქტზე, რომ საქართველო ამჟამად გაზს “შეღავათიან ფასად“ იღებს და კომპანიას სურს მისთვის გაზის “საბაზრო ფასებში“ მიწოდება ისე, როგორც ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ხდება. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ამ განცხადებებს “არასწორი“ უწოდა და პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო რუსულ გაზს რეგიონის შესაბამის საბაზრო ფასად ყიდულობს.
“ამჟამად ჩვენ გაზს საბაზრო ფასად ვიღებთ, იმ საბაზრო ფასად, რომელიც ჩვენს რეგიონში – სამხრეთ კავკასიაშია. რა თქმა უნდა, გაზის ღირებულება, მაგალითად გერმანიისა და სამხრეთ კავკასიისთვის ყოველთვის განსხვავებული იქნება, რადგანაც ჩვენი რეგიონისთვის გაზი ცენტრალური აზიიდან მოდის. ყაზახეთიდან საქართველოში რუსეთის გავლით შემომავალი ორი გაზსადენი არსებობს – ერთი გაზსადენის სიგრძე 800 კილომეტრია, ხოლო მეორესი – 1500 კილომეტრი. ეს არის მანძილი ცენტრალური აზიიდან საქართველომდე. საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანზიტო ქვეყანა არ არის. ამავდროულად, გაზი გერმანიას, რომელიც ხშირად მაგალითისთვის მოყავთ და სადაც გაზის ღირებულება 200 აშშ დოლარს შეადგენს [1000 კუბური მეტრზე], მიეწოდება ციმბირიდან და გაზმა ჯერ რამდენიმე სატრანზიტო ქვეყანა უნდა გაიაროს, სანამ გერმანიამდე მივა“, – განაცხადა ნოღაიდელმა, თან იქვე დასძინა, რომ თბილისი გაზის ფასის გაზრდას “პოლიტიკურ გადაწყვეტილებად“ მიიჩნევს.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მზად შეხვდება გაზის ღირებულების მომატებას. “[ფინანსური] დანაკარგი [გაზის ღირებულების გაზრდის შედეგად] იქნება საქართველოს მშპ-ს მხოლოდ 0,6%-0,7%. თუმცა, ეს დანაკარგი ანაზღაურდება ეკონომიკური ზრდით, რომელიც მომავალ წელს ორნიშნა ციფრს შეადგენს“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, გაზის ფასებზე მოლაპარაკებები სავარაუდოდ 7-10 დღეში დასრულდება. “მოლაპარაკებებზე განიხილება გაზის ღირებულებისა და მოცულობის საკითხი, რომელიც საქართველოს მიეწოდება. ვფიქრობ, ეს იქნება 2 მილიარდი კუბური მეტრი [მომავალ წელს] ან ცოტა ნაკლები“, – დასძინა მან.
ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ თბილისი თვალს გაადევნებს რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ რუსეთის პოლიტიკას გაზის ფასებთან დაკავშირებით. “გაზის ფასი იზრდება სხვა ქვეყნებისთვისაც, თუმცა საქართველოსთვის ის უფრო მეტად იზრდება, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ნოღაიდელმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გაზის ფასებთან დაკავშირებული დაპირისპირებისა, იგი შეეცადა მოლაპარაკებებზე “რამდენიმე პოზიტიური საკითხიც“ წამოეწია და შესთავაზა “გაზპრომს“ თანაბარი წილობრივი მონაწილეობით ერთობლივი რუსულ-ქართული საწარმოს შექმნა, რომელიც ძირითადად ორი მიმართულებით – საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტსა და საქართველოში გაზის ტრანსპორტირების საშუალებებზე ინვესტირების საკითხებზე იმუშავებს. თუმცა მან არ დააკონკრეტა ამ ერთობლივი საწარმოს მიერ საქართველოს რომელ ობიექტებში ჩაიდება ინვესტიციები.
სამხედრო ბაზები
პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მან ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ბაზების გაყვანის პროცესი, თბილისს საჭიროდ მიაჩნია ამ დეკლარაციის გამაგრება სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებით.
ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, რუსეთმა სამხედრო ბაზები 2008 წლის ბოლომდე უნდა გაიყვანოს.
“ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 30 მაისს ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში დაიწყო და ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერა. საქართველომ უკვე მოამზადა ეს ხელშეკრულება და იგი უკვე ოფიციალურ პროცედურებს გადის რუსეთის მთავრობაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა დამარწმუნა, რომ იგი თვალყურს მიადევნებს, რათა დააჩქაროს ეს პროცესი და მოამზადოს დოკუმენტები სარატიფიკაციოდ“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
“ჩვენი პრინციპი ძალიან მარტივია: ქართველებს არ სურთ უცხო სამხედრო ბაზების არსებობა თავიანთ მიწაზე“, – დასძინა მან.
ცხინვალის რეგიონი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული თბილისის წინადადება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებულ ინიციატივას ეფუძნება. ეს გეგმა კონფლიქტის სამეტაპიან მოგვარებას ითვალისწინებს.
“ეს სამეტაპიანი გეგმა მოიწონა რუსეთმა და გარკვეულწილად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც… თუმცა, რუსეთმა ამ გეგმისადმი გარკვეული სკეპტიციზმიც გამოხატა, რადგანაც იგი, თითქოსდა, არ ასახავდა წინა სამფაზიან წინადადებას. თუმცა, ეს სწორი არ არის“, – განაცხადა ნოღაიდელმა, თან იქვე დასძინა, რომ სამოქმედო გეგმა მომდევნო 12-15 თვის განმავლობაში განხორციელდება.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე თბილისს რეგიონის დემილიტარიზაცია სურს. “რუსეთმა მთავარი როლი უნდა შეასრულოს ამ პროცესში, რადგანაც შეიარაღება სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შედის და ეს შეიარაღება უკანვე უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა მან.
ნოღაიდელის თქმით, კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმის მეორე და მესამე ეტაპები გულისხმობს ნდობის აღდგენას და საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას, რასაც მოყვება კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება.
მისი თქმით, “მოსახლეობის დონეზე კონფლიქტი მოგვარებულია“ და “დროა თამაშში პოლიტიკოსები შემოვიდნენ კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური მოგვარების მიზნით“.
ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ საქართველო ახლა რუსეთის წინადადებებს ელის სამოქმედი გეგმასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ თუმცა დოკუმენტი “კარგად-მომზადებულია“, ის ღიაა “შემდგომი განხილვისა და სრულყოფისთვის“.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე საუბრისას, ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ საქართველომ გაამკაცრა პოზიცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრიანების თაობაზე. საქართველო მოითხოვს თავისი მებაჟეების განლაგებას როკის გვირაბსა და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. თბილისს ამ მიზნების მისაღწევად მოსკოვის დახმარება რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ სურს.
“ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ ტვირთები საქართველოში ლეგალური საბაჟო პუნქტების გავლით შემოდიოდნენ. ეს პირდაპირ კავშირშია კონფლიქტების დარეგულირებასთან“, – განაცხადა ნოღაიდელმა.