ნოღაიდელი: გაზის ღირებულების ზრდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 25 ნოემბერს მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს მომავალი წლიდან გაზის ღირებულება არსებული 63 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე გაუზარდოს “წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.
ნოღაიდელმა მოსკოვში ვიზიტის დროს მოლაპარაკებები გამართა რუსულ ენერგოკომპანია “გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან. მან არასწორი უწოდა რუსული მხარის განცხადებებს, თითქოს საქართველო რუსეთიდან გაზს “შეღავათიან ფასად“ იღებს.
“ამჟამად ჩვენ გაზს საბაზრო ფასად ვიღებთ, იმ საბაზრო ფასად, რომელიც ჩვენს რეგიონში – სამხრეთ კავკასიაშია. რა თქმა უნდა, გაზის ღირებულება, მაგალითად გერმანიისა და სამხრეთ კავკასიისთვის ყოველთვის განსხვავებული იქნება, რადგანაც ჩვენი რეგიონისთვის გაზი ცენტრალური აზიიდან მოდის. ყაზახეთიდან საქართველოში რუსეთის გავლით შემომავალი ორი გაზსადენი არსებობს – ერთი გაზსადენის სიგრძე 800 კილომეტრია, ხოლო მეორესი – 1500 კილომეტრი. ეს არის მანძილი ცენტრალური აზიიდან საქართველომდე. საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანზიტო ქვეყანა არ არის. ამავდროულად, გაზი გერმანიას, რომელიც ხშირად მაგალითისთვის მოყავთ და სადაც გაზის ღირებულება 200 აშშ დოლარს შეადგენს [1000 კუბური მეტრზე], მიეწოდება ციმბირიდან და გაზმა ჯერ რამდენიმე სატრანზიტო ქვეყანა უნდა გაიაროს, სანამ გერმანიამდე მივა“, – განაცხადა ნოღაიდელმა, თან იქვე დასძინა, რომ თბილისი გაზის ფასის გაზრდას “პოლიტიკურ გადაწყვეტილებად“ მიიჩნევს.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მზად შეხვდება გაზის ღირებულების მომატებას. “[ფინანსური] დანაკარგი [გაზის ღირებულების გაზრდის შედეგად] იქნება საქართველოს მშპ-ს მხოლოდ 0,6%-0,7%. თუმცა, ეს დანაკარგი ანაზღაურდება ეკონომიკური ზრდით, რომელიც მომავალ წელს ორნიშნა ციფრს შეადგენს“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, გაზის ფასებზე მოლაპარაკებები სავარაუდოდ 7-10 დღეში დასრულდება. “მოლაპარაკებებზე განიხილება გაზის ღირებულების და მოცულობის საკითხი, რომელიც საქართველოს მიეწოდება. ვფიქრობ, ეს იქნება 2 მილიარდი კუბური მეტრი [მომავალ წელს] ან ცოტა ნაკლები“, – დასძინა მან.
ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ თბილისი თვალს გაადევნებს რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ რუსეთის პოლიტიკას გაზის ფასებთან დაკავშირებით. “გაზის ფასი იზრდება სხვა ქვეყნებისთვისაც, თუმცა საქართველოსთვის ის უფრო მეტად იზრდება, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ნოღაიდელმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გაზის ფასებთან დაკავშირებული დაპირისპირებისა, იგი შეეცადა მოლაპარაკებებზე “რამდენიმე პოზიტიური საკითხიც“ წამოეწია და შესთავაზა “გაზპრომს“ თანაბარი წილობრივი მონაწილეობით ერთობლივი რუსულ-ქართული საწარმოს შექმნა, რომელიც ძირითადად ორი მიმართულებით – საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტსა და საქართველოში გაზის ტრანსპორტირების საშუალებებზე ინვესტირების საკითხებზე იმუშავებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)