
ზეინო ბარანი: მთავრობამ კონფლიქტების მოგვარებაზე ერთ ხმაში უნდა ისაუბროს
ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების და ენერგეტიკის პროგრამების დირექტორი, რეგიონალური ანალიტიკოსი ზეინო ბარანი აცხადებს, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციის საშინაო პოლიტიკის მთავარი გამოწვევა რეფორმების გაგრძელება იქნება, ხოლო საერთაშორისო არენაზე საქართველოს მოუწევს „რუსეთთან საერთო ენის გამონახვა“.
22 ნოემბერს “სივილ ჯორჯიამ“ ინტერვიუ ჩაწერა ზეინო ბარანთან, რომელიც თბილისში მაღალი დონის ორდღიან ფორუმში “ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა: დემოკრატია და ტრანსფორმაცია“ იღებს მონაწილეობას. ფორუმი საქართველოში “ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავის აღსანიშნავად იმართება. ზეინო ბარანის თქმით, მიუხედავად ხარვეზებისა, ძირითადად თავდაცვის სისტემის რეფორმირებაში, მთავრობამ “უდიდესი სამუშაო გასწია“. მან ასევე ისაუბრა კონფლიქტების მოგვარების თბილისის სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის ყველა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე.
როგორც პიროვნება, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, როგორ ფიქრობთ რა არის სააკაშვილის ადმინიტრაციის მთავარი გამოწვევები როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში?
ვფიქრობ, რომ საშინაო პოლიტიკაში საჭიროა რეფორმირების პროცესის გაგრძელება. პირველ ორ წელიწადში ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა. ზოგიერთი რამ, რაც წლების განმავლობაში უნდა გაკეთებულიყო, არ გაკეთებულა და ახლა უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ მთავრობა გააკეთებს ამას ისე, რომ ხალხმა განაგრძოს მისი მხარდაჭერა. ეს, ჩემი აზრით, საშინაო პოლიტიკაში უდიდესი გამოწვევაა.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საჭიროა რეფორმების გაგრძელება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიზნით, ასევე რუსეთთან საერთო ენის გამონახვა, რადგანაც იმ გზამ, რომელიც საქართველომ სამხრეთ ოსეთის საკითხთან მიმართებაში დაიკავა, რუსეთთან უსარგებლო დაძაბულობა შექმნა. თუ უახლოეს წლებში მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხის გადაჭრა, მაშინ მთავრობას მოუწევს რუსეთთან კონსტრუქციული მუშაობა. რა თქმა უნდა, ამისთვის არ არის საჭირო მნიშვნელოვან საკითხებზე დათმობაზე წასვლა.
რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით? ზოგიერთ ოპონენტი თვლის, რომ მას აკლია თანმიმდევრულობა და სტაბილური მიდგომა?
მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა გამოვიდა ძალიან კარგი [სამშვიდობო] გეგმით [სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში], თუმცა ცალკეული ადამიანები მთავრობაში, ან ისინი, ვინც საკმაო გავლენით სარგებლობენ სამთავრობო წრეებში, საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ. არის ხალხი, ვისაც სურს საქართველო წარმოაჩინოს როგორც აგრესიული ქვეყანა და დაარწმუნოს მსოფლიო, რომ საქართველო მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს მშვიდობიანი ზრახვები აქვს, სინამდვილეში კი სამხედრო ძალებს აძლიერებს და ომისთვის ემზადება.
ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნიდან განსხვავებული პოზიცია არ გადიოდეს. პრეზიდენტმა [სააკაშვილმა] ხაზი გაუსვა თავის ვალდებულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ყველა მისი მინისტრი და ყველა მისი მრჩეველი ამ პოზიციას დაიკავებს.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ყველა ის შანსი, რომელიც საქართველოს “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიეცა, არ იქნა სრულად გამოყენებული? თუ კი, რა ხარვეზებთან გვაქვს საქმე?
როდესაც ეს მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს სახელმწიფო, ქართული ეკონომიკა და ყველაფერი განადგურებული იყო. ახალგაზრდა ხალხის ამ ჯგუფს, კარგი ზრახვებით, მაგრამ უდიდესი გამოწვევით, მოუხდა პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრა, რომელიც მათ უნდა შეერჩიათ და ვფიქრობ, რომ მათ უდიდესი სამუშაო გასწიეს. უდავოა, რომ მათ უკეთესად შეეძლოთ ამის გაკეთება, მაგრამ მათ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. ამასთან, ისინი კონსტრუქციულად უსმენენ კონსტრუქციულ კრიტიკას გარედან.
რას იტყვით თავდაცვის სისტემის რეფორმირების შესახებ?
ეს ერთ-ერთი ყველაზე მგრძობიარე საკითხია, რადგანაც საქმე ეხება ნატოში ინტეგრაციას. ამ მიმართულებით არის ხარვეზები, რომელსაც ყველა აღიარებს. შესაძლოა, ეს ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახდეს, რადგანაც იმისათვის რომ საქართველო [ნატოს] წევრობის სამოქმედო გეგმაში მოხვდეს და გარკვეული პასუხი მიიღოს დასავლეთ ევროპის ქვეყნებისგან, მან უფრო მეტი უნდა გააკეთოს თავდაცვის რეფორმის კუთხით. ვფიქრობ, რომ სფეციფიკურ საკითხებში ჩაღრმავება საჭირო არ არის.
ჩემი აზრით, ევროპის დედაქალაქები მოთმინებას კარგავენ. თუ საქართველო არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის განხილვამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაიდგას, მან შესაძლოა დაკარგოს ძალიან მნიშვნელოვანი შანსი. ევროპელები, ნატო და ევროკავშირი უკვე დაიღალნენ, მათ გაფართოების საკითხები აქვთ მოსაგვარებელი და ევროპის ბევრ ქვეყანას, როგორიცაა გერმანია ან საფრანგეთი, არ სურთ რუსეთის გაღიზიანება ნატოს თემატიკის გამო, რომელიც საკმაოდ მგრძობიარეა რუსეთისთვის. და თუ საქართველო შესაძლებლის მაქსიმუმს არ გააკეთებს, მათ [ევროპელებმა] შესაძლოა თქვან, რომ მოდით დავიცადოთ, რაც არ იქნება კარგი შედეგი საქართველოსთვის.
არსებობს კიდევ ბევრი რამ, რაც არ განხორციელებულა ინსტიტუციონალური მშენებლობის თვალსაზრისით და რაც სწორედ ისაა, რისი ხილვაც ევროპელებსა და ბევრ ჩვენგანს სურთ. პოსტ-რევოლუციური ადამიანების ჯგუფი საქმეს აკეთებს და კარგად აკეთებს ამ საქმეს, მაგრამ საჭიროა ინსტიტუციონალიზაცია, საჭიროა პერსონალიების პოლიტიკის უკუგდება და ეს ძირითადად კანონის უზენაესობას უკავშირდება.