ახალი ამბები

უსუფაშვილი: ხელისუფლებისთვის ლეგიტიმური მიზანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცედურული დემოკრატია

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი “სივილ ჯორჯიასთან“  ინტერვიუში  პოსტ–რევოლუციურ საქართველოში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ტენდენციებზე საუბრობს, რომელთა შორის, მისი თქმით, მთავარი ადგილი “ავტორიტარული მმართველობის სტილის“ დამკვიდრებას უჭირავს. იგი ხელისუფლების “რეპრესიული აპარატის“ პოლიტიკური ოპონენტებისა და მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ გამოყენებაზეც საუბრობს და მმართველობის “შოუ–დემოკრატიის“ ფორმით გაგრძელებას არამართებულად მიიჩნევს.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის სისუსტეზე “მითია“ შექმნილი, სამართლიან ბრძოლაში ოპოზიცია რეალურ კონკურენციას გაუწევს ხელისუფლებას. “რესპუბლიკელების“ ლიდერის განცხადებით, პარტიის კონკრეტული მიზანი პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზული წარმატების მიღწევაა. მისივე თქმით, ხელისუფლებაში ბოლო დროს სულ უფრო ძლიერად დამკვიდრდა პრინციპი – “ლეგიტიმური მიზანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცედურული დემოკრატია.“
 
დავით უსუფაშვილი გაუგებარს უწოდებს კონფლიქტების დარეგულირების მიზნით ხელისუფლების მიერ გადაგმულ ნაბიჯებს. “ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დოქტრინით, რომ თუ აფხაზები და ოსები ვერ დავიბრუნეთ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ვერ დავიბრუნებთ“, – აცხადებს “რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერი.  
 
როგორ შეაფასებდით პოსტ–რევოლუციური საქართველოსთვის დამახასიათებელ ძირითად პოლიტიკურ ტენდენციებს?
 
პირველი, რაც მინდა აღვნიშნო არის ის, 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის ნოემბრამდე მართლაც სერიოზული ტენდენციები განვითარდა, თუმცა უკანასკნელ წელს [2005] თითქოს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების თვალსაზრისით ღირშესანიშნავი არც არაფერი მომხდარა. ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვანი მოვლენა არ იყო [2005 წლის თებერვალში ყოფილი პრემიერ–მინისტრის] ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება.
 
პირველი, ეს არის ტენდენცია ავტორიტარული მმართველობის სტილის დამყარებისაკენ. ვიზუალურად ეს შეიძლება მკაფიოდ დავინახოთ ხელისუფლების რევოლუციის აღსანიშნავი სარეკლამო რგოლების შედარებაში. წლევანდელი ვიდეო რგოლი არის უფრო მეტად ფოკუსირებული ერთ ადამიანზე [პრეზიდენტზე], ვიდრე ეს იყო წინა წელს. თუმცა  მაშინაც იყო გატარებული აზრი, რომ რევოლუცია მოახდინა მესიამ, რომელიც საფუძველს უყრის ახალი სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს კი ჩვენ ვხედავთ უკვე ახალ საფეხურზე ასულ მესიას, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს. ეს არის ძირითადი და მაგისტრალური ხაზი, რომელსაც თან ახლავს სხვა დანარჩენი ტენდენციები.
 
მათ შორისაა სახელისუფლებო წრეებიდან ტვინების გადინების პროცესი. თავისუფლების მოყვარე და პროფესიონალი ადამიანები ვერ ძლებენ ხელისუფლებაში და ეს უფრო გაძლიერდა უკანასკნელ წელს, რაც გამოიხატა საკადრო გადინებებში. მთავრობაში ცნობილი მოვლენა ე.წ ‘კარუსელი’ იმით არის გამოწვეული, რომ ხდება მცირერიცხოვან წრეში საკადრო გადაადგილებები. ახალი ხალხის შემოყვანა სახელისუფლებო რიგებში გაცილებით ნაკლები ტემპით მიდის.  ამის სადემონსტრაციოა სალომე ზურაბიშვილის მაგალითი. ეს იყო ფიგურა, რომელიც სააკაშვილის გუნდმა რევოლუციის შემდგომ შეითვისა, მაგრამ შემდეგ მოიცილა.


კიდევ ერთ ტენდენციად შეიძლება გამოიყოს კანონის უზენაესობის, როგორც მართვის პრინციპის კიდევ უფრო უგულვებელყოფა. პრაქტიკულად დასრულებული სახე მიიღო რევოლუციის პერიოდში ჩასახულმა დოქტრინამ, რომ ლეგიტიმური მიზანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცედურული დემოკრატია. კანონის მოთხოვნები, დიალოგი, ანგარიშვალდებულება  – ყველაფერი ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგთან შედარებით. ეს მოვლენა უკვე გახდა მართვის სტილი. თუ ერთი წლის წინ ცდილობდნენ, რომ იგი დაეფარათ, შეელამაზებინათ, დღეს ამის მცდელობაც აღარ არის. 


ახალი მოვლენაა ასევე პატარ–პატარა სახელისუფლებო ავტორიტარული კუნძულების გაჩენა ცალკეული გავლენიანი პირების გარშემო. ანუ არა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, არამედ თავგასული სახელმწიფო მოხელეები, რომელთაც სხვადასხვა დამსახურებების გამო შეუძლიათ უგულვებელყონ ყველა და ყველაფერი. ასეთები არიან ცალკეული  მინისტრები – შინაგან საქმეთა მინისტრი [ვანო მერაბიშვილი], თავდაცვის მინისტრი [ირაკლი ოქრუაშვილი], ცალკეული პარლამენტარები, გუბერნატორები, თბილისის მერი [გიგი უგულავა], შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტი, ფინანსური პოლიციის უფროსი [დავით კეზერაშვილი].  ტენდენცია ასეთია [შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ] ქარელმა თქვა და ასე იქნება, [საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერემა გიგა ] ბოკერიამ თქვა და ასე უნდა იყოს და ა.შ.
 
ეს ძალიან ცუდი ტენდენცია არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ თავად სახელისუფლებო სისტემისთვის: ეს პატარ–პატარა მბრძანებლები პოლიტიკურად და ფინანსური შესაძლებლობებითაც სულ უფრო მყარად დგებიან ფეხზე თავიანთ “სამფლობელოებში“. მათ შორის ფუნქციონალური და ინტერესების კონფლიქტი გარდაუვალია. ამ შიდა უთანხმოებების გამოვლინებები დღესაც არის ხელისუფლებაში, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს,  რადგან ასეთი სისტემა თვითგანადგურებადია. 


ხელისუფლება აცხადებს, რომ აშენებს ევროპული ტიპის, სამოქალაქო ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. რამდენად შეესაბამება რეალური პოლიტიკა ამ დეკლარაციას?


პრინციპულად შეუძლებელია დემოკრატიული რიტორიკისა და ავტორიტარული მართვის სტილის ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნება. ჩვენ გვაქვს ფასადური დემოკრატია დასავლეთის დასანახად. 
 
საქართველოში, უკრაინაში, ყირგიზეთში რევოლუციები იმის გამო მოხდა, რომ აქ იყო სუსტი, მოლიბერალო ავტორიტარული რეჟიმები. სამწუხაროდ დღესაც ასეთი რეჟიმისაკენ მიდის მოძრაობა [საქართველოში].
 
ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გამოიკვეთა სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ რეპრესიებზე ორიენტირებულობის ნიშნები. შევარდნაძის მომხრეთა პოლიტიკური ნიშნით დევნის ამოწურვის შემდეგ, ბუნებრივია ამ აპარატმა, რომელიც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების თავისუფლების აღსაკვეთად და ფინანსურად გასანეიტრალებლად შეიქმნა, დაიწყო ახალი სამიზნეების ძებნა. ოპოზიციური ძალების გაძლიერებისა და ფეხზე დადგომის კვალობაზე იწყება სადამსჯელო აპარატის შემოტრიალება დღევანდელ პოლიტიკურ ოპონენტებზე. ამის მაგალითად გამოდგება, ვალერი გელაშვილის [რესპუბლიკური პარტიის წევრი] ცემის და სხვა კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტები. 


ეს [სადამჯელო ღონისძიებები] გამოიხატება ასევე სასამართლო სისტემაში ახალ საკადრო გადაწყვეტილებებში. ახლადდანიშნულ მოსამართლეებს მოძღვრავენ, რომ ისინი თანამდებობებზე გენერალური პროკურორის [ზურაბ ადეიშვილის] რეკომენდაციით მოხვდნენ. ხდება სასამართლოების რეორგანიზაციის მოტივით  მოსამართლეთა ძველი კორპუსის გათავისუფლება. 
 
“ვარდები რევოლუციის“ ორი წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულ სიმააღლეებს მიაღწია “შოუ–დემოკრატიამ“, როცა ხელისუფლება თეატრალიზებული სანახაობების სიჭარბით წარმატებულობის განცდის შექმნას ცდილობს. დაკვირვებული თვალი, საბჭოთა პერიოდთან მმართველობის ამ სტილის უამრავ მსგავსებას აღმოაჩენს. პატრიოტების აღზრდა, ხელისუფალისადმი თაყვანისცემის პატრიოტიზმად წარმოჩენა, რეზერვისტების თემა, როცა პარლამენტარები ამაყად აცხადებენ, რომ ისინი წავლენ საომრად, არადა კონსტიტუციით, საომარი მოქმედებების დროს პარლამენტი ვალდებულია რომ შეიკრიბოს – ეს ყველაფერი “შოუ–დემოკრატიის“ ელემენტებია. 
 
ასეთი ღირებულებითი სპეკულაციების მაგალითად გამოდგება ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ამაყი განცხადება, რომ მისი სპეცსამსახურების დამსახურებაა ცხინვალიდან  პატიმრების გამოპარება. ერთის მხრივ, ერთი მინისტრი ევროპაში სამშვიდობო გეგმებს განიხილავს, მეორე მინისტრი კი ღიად აცხადებს, რომ მან გამოაპარა ცხინვალიდან პატიმრები [ძმები ქარქუსოვები]. 
 
იგივე კახეთში რუსი ჟურნალისტების ცემის თემა, რაც პრეზიდენტმა “ეროვნული ღირსების გამოვლინებად“ მიიჩნია. ამ ინციდენტს რომ პრეზიდენტის შეფასებები არ მოჰყოლოდა, ის მაინც გვექნებოდა სათქმელი, რომ მოსახლეობა [რომელიც გააღიზიანა რუსი ჟურნალისტების მცდელობამ გაეგოთ ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრი პრეზიდენტ სააკაშვილის და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს შესახებ გადაღებული პაროდიული ფილმის შესახებ] რაღაცით აღშფოთდა.
 
ოპონენტების მხრიდან უამრავი კრიტიკის მიუხედავად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მაინც ყოველთვის უფრო მომგებიან პოზიციაში რჩება და მისი ნაბიჯები ყოველთვის წინ უსწრებს ოპოზიციისას. როგორ გგონიათ რა არის ამის მიზეზი, ოპოზიციის სისუსტე? 
 
ამის მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლება სახელმწიფო სახსრების ძალიან დიდ ნაწილს ახმარს თავისი პოლიტიკური იმიჯის შექმნას. ხელისუფლების ნებისმიერი აქცია, რომელიც რამოდენიმე ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რა თქმა უნდა ქმნის რაღაც ორგანიზებულობის და დინამიზმის ილუზიებს.
 
როცა ხელისუფლება ხსნის უფასო სასადილოს და მოუწოდებს ბიზნესმენებს მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, ამით გადაიფარება ოპოზიციის მიერ დასმული პრობლება, რომ ხელისუფლებამ საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად ყველაზე უფრო გაჭირვებული ფენისთვის დახმარების გაცემა გადაავადა. როცა ოპოზიცია ლაპარაკობს საყოფაცხოვრებო პრობლემებზე, შედეგად ხელისუფლება ცდილობს ამ პრობლემის ‘ფასადის’ შელამაზებას.
 
ხელისუფლება უზარმაზარ სახსრებს კანონიერს და არაკანონიერს ანუ ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯულს და ბიზნესისთვის შეწერილს,  პოლიტიკური პროპაგანდისთვის და საკუთარი PR–კამპანიებისათვის იყენებს.
ამდენად, ოპოზიცია ფინანსური რესურსების უქონლობის გამო გაცილებით არაორგანიზებული ჩანს, ვიდრე ხელისუფლება.
 
განსხვავებული აზრის მზარდი იგნორირება ხელისუფლების კიდევ ერთი ტენდენციაა. ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ თუ აღიარა შეცდომა, ამის შემდეგ დაიწყება მისი მარცხი. ამიტომ მათ გადაწყვეტილი აქვთ თავიანთი სიტყვა და ნაკეთები საქმე გამოაცხადონ ერთადერთ ჭეშმარიტებად. მივდივართ იქამდე, რომ პრეზიდენტი პირდაპირ ავალებს თავის მომხრეებს, რომ არ ჩაებან კამათში, როგორც თვითონ აცხადებენ, “უმადურ“ ოპონენტებთან. ამბობენ, რომ უმრავლესობამ ჩვენ დაგვიჭირა მხარი და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ – ბოლშევიზმი თავისი არსით სხვა არაფერი არ არის.
 
როგორ აფასებთ ხელისუფლების პოლიტიკას კონფლიქტებთან მიმართებაში?


როცა ისრაელი სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს, არცერთი წუთი არ წყვეტს არმიის მომზადებას და არც იარაღის ჟღარუნს, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიღწეული შეთანხმების დაცვა კონლიქტების დარეგულირებისთვის მათთვის ელემენტალური პირობაა.


ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ვერავინ ვერც მტრებმა და ვერ კეთილმოსურნეებმა, ევროპელებმა და ამერიკელებმაც სულ უფრო მეტად და მეტად ვერ გაარკვიეს საქართველოს ხელისუფლებას რა უნდა:  სამშვიდობო პროცესს იყენებს იმისთვის, რომ შემდგომ შეიარაღებული ძალით მოაგვაროს პრობლემა თუ პირიქით, შეიარაღებულ ძალას იყენებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებათა მაგიდაზე გამოჩნდეს უფრო ძლიერი და მეტი არგუმენტები გააჩნდეს თავის სასარგებლოდ.
 
არადა სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი კურსი, რომელსაც უნდა მიჰყვებოდეს და მის სიტყვასა და საქმეს შორის დიდი განსხვავება არ უნდა იყოს.
 
ჩვენი [რესპუბლიკელების] აზრით, კონფლიქტებთან დაკავშირებით სწორი გზა არის შემდეგი: ჯერ ჩვენ უნდა გავიაზროთ ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს კონფლიქტი ძირითადად რუსებთან და ასევე იმ ადამიანებთან, რომლებიც წლების განმავლობაში არიან საქართველოსადმი მტრულად განწყობილი პროპაგანდისტული მანქანის გავლენის ქვეშ. ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვიგოთ საინფორმაციო ომი ცხინვალსა და სოხუმში. ოსებსა და აფხაზებს უნდა დავანახოთ სხვა საქართველო, რომელიც უფრო მიმზიდველია, ვიდრე მათ ახსოვთ. ეს არის ძალიან რთული საქმე, რომელიც მიიღწევა მხოლოდ საქართველოს რეალური წარმატებების დემონსტრირებით.
 
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დოქტრინით, რომ თუ აფხაზები და ოსები ვერ დავიბრუნეთ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ვერ დავიბრუნებთ.


ასევე დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რადგანც საერთაშორისო დონეზე არავინ არ საუბრობს საქართველოს დანაწილებაზე, რაც არ არის მუდმივად გარანტირებული მოვლენა თუ მხედველობაში მივიღებთ კოსოვოს, რომელიც სადაცაა აღიარებული იქნება ცალკე სახელმწიფოდ. ეს კი აფხაზებს სერიოზულ ამბიციებს ჩაუსახავს.


როგორია რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური სტრატეგია?


ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის იმ ადამიანებისთვის რწმენის მობრუნება, რომლებიც რევოლუციის მხარეს იდგნენ და დღეს აქვთ იმის განცდა, რომ ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა და ხელისუფლება სხვა გზით მიდის.
 
უმთავრესი პოლიტიკური პრობლემა არის ის, რომ ღირებულებების გარშემო არ ხდება ადამიანების გაერთიანება. ჩვენი სტრატეგიაა, რომ არ შევავსოთ ჩვენი პოლიტიკური რიგები საეჭვო ხალხით და არც ამომრჩევლის გული მოვიგოთ იაფფასიანი პოპულიზმით.  ჩვენ გვირჩევნია ნელა ვიაროთ იმ პოლიტიკური წარმატებისკენ, რომელიც იქნება მყარი. მართალია ეს უზარმაზარ შრომას მოითხოვს, მაგრამ ამ პრინციპს არ ვუღალატებთ არცერთი არჩევნებისთვის.
 
ჩვენი ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ამოცანაა პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად სერიოზული წარმატების მიღწევა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე [2006 წელს].  დღეს ოპოზიცია არის საკმაოდ კარგად კოორდინირებული პოლიტიკური პარტიების ერთობა.
 
ის რომ ოპოზიცია სუსტია, ეს არის მითი, რომელიც გაჩნდა სახელისუფლებო პარტიის ფონზე, რომელსაც ზურგს სახელმწიფო აპარატი და 3 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტი უმაგრებს. სამართლიან ბრძოლაში ოპოზიცია არათუ კონკურენტუნარიანი, არამედ უპირატესობის მქონეც იქნება.
 
თუ გამოუთქვამს ხელისუფლებას რესპუბლიკურ პარტიასთან კოალიციური ურთიერთობების დამყარების სურვილი?
 
არა. რევოლუციის დროს და მის შემდგომ პერიოდში გახსოვთ ჩვენ პარტნიორები ვიყავით, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში დარჩენილი ადამიანებისთვის რესპუბლიკელები ალბათ ყველაზე მიუღებელი ხალხია იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია მათ კონკურენცია გავუწიოთ.
 
კოალიციური მმართველობა უნდა ემყარებოდეს გარკვეულ პრინციპებს. კოალიციურ ურთიერთობებს დავთანხმდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები გულწრფელად და პატიოსნად იქნება აღიარებული და გაზიარებული ჩვენი ხედვები. ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ბოლშევიზმს ებრძვის სხვა ბოლშევიზმით.

მსგავსი/Related

Back to top button