ახალი ამბები

“ეროვნული სიამაყის” აქცენტები რევოლუციის მეორე წლისთავზე







პარლამენტის შენობის წინ მაღალი რანგის
სტუმრებისათვის 23 ნოემბერს გასამართი
კონცერტისათვის სცენა მზადდება.
საქართველოს ხელმძღვანელობა „ვარდების რევოლუციის“ მეორე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს ამზადებს, რომელთა მთავარ ლოზუნგსაც “ეროვნული სიამაყის გრძნობის გაზრდა“ წარმოადგენს.


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ესტონეთის პრეზიდენტი არნოლდ რუუტელი და რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ არიან იმ მაღალი რანგის სტუმრებს შორის, რომლებიც 23 ნოემბერს თბილისში სიტყვით გამოვლენ ფორუმზე “ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა: დემოკრატია და ტრანსფორმაცია“. 


იგეგმება მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოლ ვოლფოვიცისა და ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინის ფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეო მიმართვა.  ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე მეთიუ ბრაიზა თბილისში ჩამოვა და ფორუმზე სიტყვით გამოვა. ორ დღიან ფორუმს 22 ნოემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი გახსნის. პროგრამის თავდაპირველ ვერსიაში მინიშნებული იყო, რომ ვიდეო მიმართვას აშშ–ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც გააკეთებდა, თუმცა პროგრამის ბოლო ვერსიაში ეს პუნქტი ამოღებული იყო.

რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის მემარჯვენე ძალების კავშირის ყოფილი ლიდერი ბორის ნემცოვი ასევე ეწვევა თბილისს. იგი ერთადერთი რუსი პოლიტიკოსი იქნება, რომელიც “ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.


20 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში მისი ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრა. თავის სიტყვაში პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული სიამაყის გრძნობის გაზრდის საციცოხლო მნიშვნელობაზე, რაც ვარდების რევოლუციის შთაგონებით მოხდა.


თუმცა ამ ტენდენციის სხვა მაგალითებს შორის, რომელთა შორისაა ასევე საქართველოს მოქალაქეებს მიერ საქართველოს ჰიმნის ცოდნა, მან გაიხსენა ერთი ინციდენტი, რომელიც ქართველების “ეროვნული სიამაყის დიდ გრძნობას“  ადასტურებს. მან გაამართლა ის თავდასხმა, რომელიც სექტემბერში სოფელ ნაფარეულის მოსახლეობამ რუს ჟურნალისტებზე განახორციელა. სააკაშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა გააღიზიანა რუსი ჟურნალისტების მცდელობამ გაეგოთ ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრი პრეზიდენტ სააკაშვილის და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს შესახებ გადაღებული პაროდიული ფილმის შესახებ.


“ნაფარეულის მოსახლეობას გააჩნია ეროვნული სიამაყის გრძნობა და მათ [ჟურნალისტებს] შესაბამისი პასუხი გასცეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ვარდების რევოლუციის ორი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები დაიწყო საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილს ნეშტის ჩამოსვენებით  პარიზიდან.  ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1922-24 წლებში საქართველოს ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერი იყო და იგი საფრანგეთში 1930 წელს დევნილობაში გარდაიცვალა. 21 ნოემბერს იგი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია თითქმის ყველა ქართულმა ტელეკომპანიამ პირდაპირ ეთერში გადასცა.


21 ნოემბერს დაკრძალვის ცერემონიაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ეროვნული სიამაყის საკითხს და აღნიშნა, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი “საქართველოს ეროვნული სულისკვეთების“ მატარებელი იყო.  

Back to top button