
დეპუტატის სავიზო სკანდალი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო ძაბავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ დიპლომატიური სკანდალი, რომელიც რუსეთის მიერ ქართველი პარლამენტარისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმას უკავშირდება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ შეუწყობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადება 16 ნოემბერს, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში, მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საელჩომ თბილისში უარი უთხრა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს ვიზის გაცემაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სანკტ-პეტერბურგში ოთხშაბათს უნდა გამგზავრებულიყო, სადაც 17 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე თბილისის სამოქმედო გეგმა უნდა წარედგინა.
16 ნოემბერს სამეგრელოში ვიზიტისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მესალმება ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას, რადგანაც ეს “ღირსების საკითხი” იყო.
დეპუტატი გივი თარგამაძე ცნობილია თავისი მკაცრი განცხადებებით რუსეთის პოლიტიკის მიმართ. ცოტა ხნის წინ, თარგამაძემ ისიც კი განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში განლაგებული რუსი სამშვიდობოები შესაძლოა ნარკოტრეფიკში იყვნენ ჩართულები. დეპუტატმა გივი თარგამაძემ 16 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი რუსეთის საგარეო უწყების “შავ სიაში“ რუსეთის მიმართ თავისი განცხადებების გამო მოხვდა.
ქართული მხარის განცხადებას ბოიკოტი გამოეცხადებინა დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომისთვის, მოჰყვა თბილისში რუსეთის საელჩოს განმარტებითი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული დელეგაციის ყველა წევრს, ჟურნალისტებისა და გივი თარგამაძის ჩათვლით, მიეცათ ვიზები. თუმცა, რუსეთის საელჩომ აღიარა, რომ თავდაპირველად დეპუტატ თარგამაძეს უარი უთხრეს ვიზაზე, რისი მიზეზებიც არ დაუკონკრეტებია.
“მაგრამ სავიზო მოთხოვნის განმეორებითი განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ თარგამაძისთვის ვიზა მიგვეცა ან თბილისში რუსეთის საელჩოში ან რუსეთში ჩასვლისთანავე“, – ნათქვამია განცხადებაში.
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ეცნობა ამის თაობაზე. ამგვარად, არ ღირს დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობაზე ქართული დელეგაციის უარის დაკავშირება სავიზო პრობლემებთან და როგორც ჩანს, ეს გამოწვეულია სხვა მიზეზებით“, – ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
რუსეთის საელჩოს ამ განცხადების შემდეგ 16 ნოემბერს საღამოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ პრეს-კონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ რუსეთის საელჩო თბილისში დათანხმდა ვიზა გაეცა დეპუტატ გივი თარგამაძისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საელჩომ თავდაპირველად უარი განუცხადა მას ვიზის გაცემაზე.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ რუსეთის საელჩოს გადაწყვეტილების თაობაზე 15 ნოემბერს შეიტყო და მაშინვე მოითხოვა შეხვედრა რუსეთის საკონსულოს წარმომადგენელთან.
მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე “საკონსულოს ერთ–ერთმა წარმომადგენელმა“, რომელიც მან არ დაასახელა, ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი იმ ფაქტით ახსნა, რომ გივი თარგამაძე არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართველი პოლიტიკოსების “შავ სიაში”.
“რუსული მხარე დათანხმდა ვიზა გაეცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გამჟღავნდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო [ქართული დელეგაციის გამგზავრებისთვის]“, – განაცხადა ანთაძემ.
“ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, რომელიც ვერ შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას“, – დასძინა მან.
ნინო ბურჯანაძემ რუსული მხარის მიერ ბოლო წუთში მიღებულ გადაწყვეტილებას თარგამაძისთვის ვიზის გაცემის თაობაზე “ცინიკური“ უწოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოსაც შეუძლია ანალოგიური ქმედება განახორციელოს და რუსი პოლიტიკოსების შავი სია შექმნას.
“თუ რუსეთის ხელისუფლებას აქვს ქართველ პოლიტიკოსთა ე.წ. შავი სია, ცხადია, ჩვენც ადეკვატურ ზომებს მივმართავთ და ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება იმ სიაში, რომელიც ვერ მიიღებს საქართველოს ვიზას. თუმცა რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდი ნაწილი დიდად ეტყობა არ შეშფოთდება, რადგან მათი მთავარი მისასვლელი წერტილი და დანიშნულების პუნქტი არის აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სადაც მათ საქართველოს ხელისუფლების ვიზა არ სჭირდებათ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, მას სურდა დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოეყენებინა როგორც ტრიბუნა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე თბილისის სამოქმედო გეგმის გასაჟღერებლად და მოეწოდებინა დსთ-ს წევრი ქვეყნებისთვის, რუსეთის ჩათვლით, აქტიური მონაწილეობა მიეღოთ თბილისის სამოქმედი გეგმის განხორციელებაში.
“ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს და კვლავაც ვუჭერთ მხარს რუსეთის აქტიურ მონაწილეობას კონფლიქტის მოგვარების პროცესში, მაგრამ თუ ეს არ მოხდება ჩვენ მაინც მოვაგვარებთ კონფლიქტებს სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების დახმარებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ მოგვეწოდებინა რუსეთისთვის კონსტრუქციული როლი ეთამაშა კონფლიქტის მოგვარებაში და შეესრულებინა თავისი ფუნქციები კონფლიქტის ზონებში; თუმცა, ამგვარი შესაძლებლობა არ მოგვეცა. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვხატავთ მკაცრ და ადექვატურ პროტესტს მომხდართან დაკავშირებით“, – დასძინა ბურჯანაძემ.