skip to content
ახალი ამბები

ქართული დელეგაცია დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის  ხელმძღვანელობით 17-18 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26–ე სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დსთ-ს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები, პროტესტის ნიშნად აღარ გაემგზავრება. 


ქართული მხარის პროტესტი გამოიწვია რუსული მხარის უარმა მიეცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისათვის, ქართული დელეგაციის წევრისთვის გივი თარგამაძისთვის ვიზა.


“თუ რუსეთის ხელისუფლებას აქვს ქართველ პოლიტიკოსთა ე.წ. შავი სია, ცხადია, ჩვენც ადეკვატურ ზომებს მივმართავთ და ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება იმ სიაში, რომელიც ვერ მიიღებს საქართველოს ვიზას. თუმცა რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდი ნაწილი დიდად ეტყობა არ შეშფოთდება, რადგან მათი მთავარი მისასვლელი წერტილი და დანიშნულების პუნქტი არის აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სადაც მათ საქართველოს ხელისუფლების ვიზა არ სჭირდებათ“, – განაცხადა 16 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ და რუსული მხარისგან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით “მკაცრი ახსნა-განამარტება მოითხოვა“.    


გივი თარგამაძის განმარტებით, იგი “შავ სიაში იმყოფებოდა, რუსეთის მიმართ მისი გამონათქვამების გამო“.


“მე პასუხისმგებლი ვარ ნებისმიერ ჩემს გამონათქვამზე… არ ვთვლი, რომ რომელიმე მათგანი იყო შეურაცმყოფელი“, – განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გივი თარგამაძემ.


სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს ქვეყნების საპარლამეტო ასამბლეის სხდომაზე ნინო ბურჯანაძე სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივის წარდგენას გეგმავდა.   


“რუს კოლეგებს ვთავაზობდით, რომ ჩართულიყვნენ დსთ-ს სამშვიდობო პროცესის ფარგლებში სამშვიდობო გეგმის რეალიზაციაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, “მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა ამჯერად, რასაც ჩვენი მხრიდან მკვეთრი და ადეკვატური პროტესტი მოჰყვა“.

მისი თქმით, ქართული მხარე მომხდარის მიუხედავად კვლავაც მოუწოდებს რუსეთს ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონფლიქტების მოგვარება საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების დახმარებით მაინც მოხდება“.

ნინო ბურჯანაძე საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლას და ძირითადად რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე საუბარს გეგმევდა. ასევე დაგეგმილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი შეხვედრები სერგეი მირონოვთან, ბორის გრიზლოვთან, მოლდოვასა და ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button