
შს მინისტრმა პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა
10 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციური ფრაქციების “დემოკრატიული ფრონტისა“ და “მემარჯვენე ოპოზიციის“ მოთხოვნით პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოცხადდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
დეპუტატების, ძირითადად ოპოზიციის, შეკითხვები უკავშირდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წამების ფაქტებს, სამართალდამცავი სტრუქტურების განვითარების ფონდის შევსების წყაროებს, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეს, ასევე ადამიანის გატაცების გახმაურებული საქმეების გაუხსნელობის საკითხს, გორის ტერაქტის გახსნის საკითხს, სპეცოპერაციების დროს პოლიციელების დაღუპვის ფაქტებს, კრიმინალების ლიკვიდაციის გახშირებულ შემთხვევებს.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, წამებისა და პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები საგრძნობლად შემცირდა, რასაც მინისტრის განცხადებით, “ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების “Amnesty International” და “Human Rights Watch”-ის შეფასებები, სადაც საქართველოში წამების ფაქტების შემცირებაზეა საუბარი“.
ამასთან მინისტრმა დასძინა, “მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შს სამინისტროში პოლიციის ორგანოებში დაკავებულ პირთა წამების შესახებ არავითარი მასალები არ შემოსულა“.
მინისტრმა 2005 წლის განმავლობაში შსს–ს მიერ განხორციელებული წარმატებული ოპერაციების სტატისტიკაზე ისაუბრა. თუმცა მერაბიშვილის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს წლის განმავლობაში 16 პოლიციელი დაიღუპა და 33 დაიჭრა.
შს მინისტრმა ასევე ისაუბრა 1 თებერვალს გორში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც სამი პოლიციელის სიცოცხე შეეწირა. მისი თქმით, საქართვლოში მგავსი სახის ტერაქტის გახსნის პრეცედენტი არ ყოფილა. თუმცა მერაბიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო , რომ რუსულმა მხარემ უარი განაცხადა ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე, კერძოდ გორის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილის ანატოლი სისოევის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე.
“არადა ეს დსთ-ს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დარღვევაა. ჩვენ და ისინიც ვალდებულები ვართ, რომ ნებიმიერ პირზე მივაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. მათ კი განაცხადეს, რომ ეს ეწინააღმდეგება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის პრეტენზიებზე, რომ შსს–ს მაღალჩინოსნები პირდაპირ გასცემენ ბრძანებას კრიმინალში ეჭვმიტანილების ლიკვიდაციის თაობაზე, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, “ჩემს თანამშრომლებს პირდაპირი ეთერით ვაძლევ ბრძანებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეგიტოკდეთ ხელი და გამოიყენეთ იარაღი, თუ ოდნავ მაინც შეექმნება საფრთხე საზოგადოებას, პოლიციას ან ტერიტორიულ მთლიანობას“.
მინისტრმა ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის სირთულე სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უკონტროლო ტერიტორიებზე კრიმინალების არსებობას დაუკავშირა.
შს მინისტრის განცხადებით, სამართალდამცავი სისტემის განვითარების ფონდის შევსება არ ხდება ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, როგორც ამას ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ. მისი თქმით, შს სამინისტროსთან არსებული ფონდი 2006 წლის იანვარში შეწყვეტს ფუნქციონირებას. მინისტრმა ფონდის ფინანსური მონაცემებისა და ამ თანხებით იარაღის შესყიდვის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.
დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიება მისი “პრესტიჟის“ საქმეა. მან ბოდიში მოუხადა ვალერი გელაშვილს, თუმცა ასევე მოუწოდა დეპუტატებს, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისაგან, “რადგან სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებზე – კახა კუკავაზე და თამაზ ყაჭეიშვილზე თავდასხმის ფაქტები მათი გახსნის შემდეგ ჩვეულებრივი კრიმინალი აღმოჩნდა“. ვანო მერაბიშვილმა გელაშვილის საქმის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“.
ოპოზიციონერ დეპუტატ, „რესპუბლიკელ“ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული პირების თავდასხმა თბილისის ცენტრში 14 ივლისს განხორციელდა, რასაც ოპოზიციამ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშწორება უწოდა.
“სანამ ეს საქმე არ გაიხსნება, მანამ პირადად თქვენ იქნებით ეჭვის ქვეშ“, – განუცხადა დავით ბერძენიშვილმა შს მინისტრს დღევანდელ საპარლამენტო მოსმენაზე.
შს მინისტრმა ადამიანების გატაცებების გახმაურებულ საქმეებზე, რომელიც ლევან კალაძისა და მარიამ გოგინაშვილის გატაცების ფაქტებს უკავშირდება, განაცხადა, “იმ საქმეების გახსნის პერსპექტივა, რომელიც [ვარდების] რევოლუციამდე და შსს–ს რეფორმირებამდე მოხდა, ძალიან ღარიბია“.
ვანო მერაბიშვილმა თავი შეიკავა გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების დეტალებზე საუბრისაგან, რადგან “ამ საქმეს პროკურატურა იძიებს”.