ახალი ამბები

აშშ-ს მოხსენებაში საქართველოში რელიგიური თავისუფლების პროგრესზეა საუბარი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული  საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ 2005 წლის მოხსენების თანახმად, საქართველოში რელიგიური თავისუფლების სტატუსი გაუმჯობესდა, თუმცა მოხსენება აღნიშნავს, რომ “გრძელდება არატრადიციული რელიგიების ადგილობრივი დევნა, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური“.   


მოხსენებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები რელიგიურ უმცირესობებზე, ძალადობის, სიტყვიერი დევნის და შეხვედრების ჩაშლის ჩათვლით, შემცირდა, თუმცა, “მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია უფრო ლმობიერი გახდა რელიგიური უმცირესობების მიმართ, დროდადრო ისინი ვერ ახერხებენ ადექვატურად დაიცვან ეს ჯგუფები“.


მოხსენება ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააპატიმრა და გაასამართლა განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი, მთავრობამ “არ აღძრა საქმე რელიგიურ ნიადაგზე ძალადობის ჩადენის სხვა წამქეზებლების წინააღდეგ“.  


“ჩვეულებრივ, მოქალაქეები არ უშლიან ხელს ტრადიციულ (მართლმადიდებლურ, მუსულმანურ და ებრაულ) რელიგიურ ჯგუფებს; თუმცა, არატრადიციულ ჯგუფებს ეჭვის თვალით უყურებენ. ოფიციალურმა პირებმა ხელი შეუწყვეს ამ უარყოფით დამოკიდებულებას გარკვეული რელიგიური უმცირესობების, განსაკუთრებით იეღოვას მოწმეების მისამართით დამამცირებელი განცხადებების გაკეთების გზით. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხის შედეგებმა ცხადყო, რომ მოქალაქეთა უმეტესობას სჯერა, რომ არატრადიციული რელიგიური უმცირესობები ზიანს აყენებენ სახელმწიფოს და რომ სასურველია ზოგიერთი ამ ჯგუფის აკრძალვა“, – ნათქვამია მოხსენებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button