skip to content
ახალი ამბები

გაეროს მისია გალში უსაფრთხოების ნაკლებობით შეშფოთებულია

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიამ 7 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში “უსაფრთხოებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით გაუარესებული მდგომარეობის გამო, რასაც შესაძლოა ამ ნიადაგზე დაძაბულობის ესკალაცია მოყვეს“.


გაეროს დამკვირვებელთა მისიის ეს განცხადება ეხება გალის მკვიდრის დანიელ წურწუმიას გარდაცვალების ფაქტს, რომელიც ქართული მხარის განცხადებით აფხაზმა სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს, როდესაც ამ უკანასკნელმა აფხაზეთის არმიაში სამსახურზე უარი განაცხადა. აფხაზურმა მხარემ უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ წურწუმია 31 ოქტომბერს სოფელ გაგიდაში შს რაიონული სამმართველოს ერთ-ერთ თანამშრომლის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმისას დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.    


“გაეროს დამკვირვებელთა მისია წურწუმიას საქმესთან დაკავშირებით ორივე მხარეს დაუკავშირდა და ობიექტური გამოძიების წარმართვის მიზნით საჭირო დახმარების აღმოსაჩენად შესაბამის ორგანოებს მიმართა. გარდა ამისა, მისია სთავაზობს ორივე მხარეს რაც შეიძლება სწრაფად მოიწვიონ მაღალი დონის შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებზე, რათა განიხილონ გაუარესებული ვითარება [კონფლიქტის ზონაში]“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.


გაეროს დამკვირვებელთა მისიამ, რომელსაც თავისი დამკვირვებლები ჰყავს კონფლიქტის ზონაში, ხაზი გაუსვა გალში გაეროს/ეუთოს ადამიანთა უფლებების ოფისის გახსნისა და გაეროს პოლიციის ოფიცრების განლაგების აუცილებლობას. აფხაზური მხარე ორივე წინადადების წინააღმდეგ გამოდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button