ახალი ამბები

“მადნეულის“ საპრივატიზაციო კონკურსის გამარჯვებული გამოცხადდა

ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ დღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს “მადნეულის“ 97,25% და შპს “ტრანს ჯორჯიან რესურსი”-ს 50%–იანი წილის ახალ მეპატრონედ ლონდონში დაფუძნებული კომპანია Stenton Equities Corp -ი დაასახელა, რომელიც 32. 5 მლნ აშშ დოლარად შეფასებულ საწარმოში 51.1 მლნ აშშ დოლარს იხდის.


ამ თანხის ნაწილი  – 35,1 მლნ აშშ დოლარი  – “მადნეულის“ აქციათა 97,25%-ის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო 16 მლნ აშშ დოლარი გადახდილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში სს “მადნეულის“ დავალიანების გასტუმრების მიზნით.


მინისტრის თქმით, Stenton Equities Corp იღებს ვალდებულებას აღნიშნული თანხის 50 პროცენტი 15 ნოემბერმდე, დანარჩენი კი 15 დეკემბრამდე გადაიხადოს.

“მადნეულის” საქმიანობის სფეროა სასარგებლო წიაღისეულის (სპილენძის შემცველი მადნების) მოპოვება, დამუშავება და რეალიზაცია, ხოლო “ტრანს ჯორჯიან რესურსის” – სასარგებლო წიაღისეულის, მადნების კვლევა-ძიება.
გამარჯვებული Stenton Equities Corp –ი სამი წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს საწარმოს ძირითად პროფილს, მუშახელსა და მათ სახელფასო ფონდს.


სს “მადნეულის“ საპრივატიზაციო განაცხადი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მხოლოდ ორმა კომპანიამ: გამარჯვებულმა Stenton Equities Corp–მა და ჰონგ–კონგში დაფუძნებული Energy And Industry Complex-მა შეიტანა. ეს უკანასკნელი “მადნეულში“ 40,6 მლნ დოლარს იხდიდა.


Energy And Industry Complex –მა ცოტა ხნის წინ  რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ძირითადი ქონება შეიძინა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button