ახალი ამბები

ადამია აფხაზეთში გაეროს ეგიდით სამშვიდობო ოპერაციას უჭერს მხარს

27 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ გაგზავნილ წერილში საქართველოს ელჩმა გაეროში რევაზ ადამიამ განაცხადა, რომ რუსეთის ეგიდით აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციამ “თავისი პოტენციალი ამოწურა“. მან მხარი დაუჭირა გაეროს ეგიდით სრულმასშტაბიანი  საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას.


ადამია აღნიშნავს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პოზიტიური განვითარება “უკვე ამოიწურა“ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მეოთხე შეხვედრაზე, რომელიც უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე აგვისტოში გაიმართა.


“ამ დადებით იმპულსს ხელი შეუშალა ფართომასშტაბიანმა სამხედრო წვრთნებმა აფხაზეთში, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ომის შემდგომ პერიოდში. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ეს წვრთნები ჩატარდა რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში, რომელიც განსხვავებით საქართველოში გაეროს დამკვირვეელთა მისიისაგან, ამ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს. გარდა ამისა, ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამ წვრთნებისთვის დაფინანსება და აღჭურვილობა რუსეთიდან მოდის“, – აცხადებს საქართველოს ელჩი გაეროში.


მან აფხაზური მხარის უარი, რომ ქართველმა ახალგაზრდობამ გალში ქართულ ენაზე ისწავლონ, შეაფასა, როგორც “კულტურული გენოციდი“.


“ამჟამად, ის მასწავლებლები, რომელთაც გაბედეს ქართულ ენაზე ჩაეტარებინათ გაკვეთილები, გააყარეს და მთელი სასკოლო პროგრამა რუსულ ენაზე ისწავლება“, – განაცხადა ადამიამ.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავაც უკანონოდ ინარჩუნებს გუდაუთაში სამხედრო ბაზას. “სეპარატისტულ მთავრობაში თანამდებობები იმ ხალხს უკავია, რომლებიც პირდაპირ რუსეთის საჯარო სამსახურებიდან გამოაგზავნეს; რუსეთის იურიდიული პირები ყიდულობენ ქონებას და მიწას სეპარატისტულ რეგიონებში“, – განაცხადა ადამიამ, თან იქვე დასძინა, რომ რუსეთი განაგრძობს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის.


“ჩვენ მოწმენი ვართ … რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრივიალური სამხედრო ანექსიისა, სადაც ეს სამხედრო ნაწილები [რუსი სამშვიდობოები] ანექსირებული ტერიტორიების საზღვრებს იცავენ“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button