skip to content
ახალი ამბები

ნატოს წარმომადგენელი კონფლიქტებზე საუბრობს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში რობერტ სიმონსმა, რომელიც საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება “საკმაოდ თანმიმდევრულია“, რაც ხელს შეუწყობს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დინამიურ განხორციელებას. მან ასევე განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს “პირდაპირ კავშირს“ ალიანსში გაწევრიანებასა და საქართველოში სეპარატისტულ კონფლიქტებზე “საბოლოო გადაწყვეტილების მიღების“ საჭიროებას შორის. 


“მე ვიფიქრე ბოლო ერთი წლის შესახებ… იმ პროგრესის საფუძველზე, რასაც მათ [საქართველოს ხელისუფლებამ]  ზოგიერთ ასპექტში მიაღწიეს, ეს არის უფრო თანმიმდევრული გუნდი“, – განაცხადა რობერტ სიმონსმა 25 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


“ერთი რამ, რაც ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ მოხდა [2005 წლის აპრილი] არის ის, რომ მათ IPAP-ის განხორციელების მიზნით შექმნეს კარგი უწყებათაშორისო კომისია [ევროატლანტიკურ სტრუქტურებში] ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დაქვემდებარებაში და ჩვენ უკვე ვიხილეთ ამ კომისიის ზოგიერთი მიღწევა, რადგანაც გაუმჯობესდა უწყებათაშორისო კოორდინაცია… ამგვარად, პრეზიდენტის [სააკაშვილის] მითითებით შეიცვალნენ პიროვნებები და ამ კუთხით თანმიმდევრული მიდგომა არსებობს“, – განაცხადა სიმონსმა.    


მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნა, რომ ალიანსი იხილავს “რუსებთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენ მხარდაჭერას“.


“ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ეს დაპირისპირება მშვიდობიანი გზით მოგვარდება და ამ კონტექსტში მივესალმებით პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მან წელს ევროპის საბჭოში გააჟღერა … მე საგარეო საქმეთა მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია ამ მოვლენების თაობაზე [სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით]“, – განაცხადა მან.


კითხვაზე აბრკოლებს თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოუგვარებელი კონფლიქტები საქართველოს ნატოს გაწევრიანებას, სიმონსმა განაცხადა, რომ იგი არ ფიქრობს, რომ “მათ შორის პირდაპირი კავშირია“.


“ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც ალიანსის წევრები გახდნენ, მნიშვნელოვანი იყო და ახლაც მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების დამყარება. მაგრამ, არ ვფიქრობ რომ საჭიროა კონკრეტული მოგვარება ალიანსში გაწევრიანებისთვის. IPAP-ში მნიშვნელოვანი მითითებაა იმ გეგმების განხორციელების თაობაზე, რაც მთავრობას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში გააჩნია, თუმცა ეს საბოლოო მოგვარებას არ გულისხმობს“, – აღნიშნა რობერტ სიმონსმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button