ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრს გადაყენება ემუქრება







სალომე ზურაბიშვილი და საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი
საკომიტეტო მოსმენაზე.
საქართველოს პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არსებული სიტყვების ომი გავლენიანი პარლამენტარების მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის გადაყენების მოთხოვნით დასრულდა.


პარლამენტის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის კომიტეტებმა 18 ოქტომბერს გაკეთებულ ერთობლივ მიმართვაში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოსთხოვეს. 


მოთხოვნა მას შემდეგ გაკეთდა, რაც ორივე კომიტეტმა სალომე ზურაბიშვილი ერთობლივ სხდომაზე მოუსმინა, სადაც ეს უკანასკნელი შეეცადა იმ კრიტიკისთვის ეპასუხა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით “ნაციონალური მოძრაობის“ გავლენიანმა დეპუტატებმა გააჟღერეს.


ურთიერთობები “ნაციონალური მოძრაობის“ წამყვან პარლამენტარებსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ბოლო პერიოდში გაუარესდა, თუმცა მიმდინარე წლის მანძილზე დეპუტატების მინისტრთან ურთიერთობების გამწვავების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამინისტროსა და პარლამენტს შორის ურთიერთკრიტიკის ახალი ტალღა 12 ოქტომბერს აგორდა, როცა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა შეშფოთება გამოხატა სამინისტროს მიერ ეროვნულ უმცირესობათა შესახებ ჩარჩო კონვენციის პარლამენტში სარატიფიკაციოდ დაგვიანებით წარდგენის გამო.


საბოლოო ჯამში, კონვენცია წარედგინა პარლამენტს და კანონმდებლებმაც დაამტკიცეს იგი 13 ოქტომბერს. თუმცა, ამ დაგვიანების გამო დეპუტატმა დავით კირკიტაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს „დაუდევარი“ უწოდა.  


“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დავით კირკიტაძის საპასუხოდ, საგარეო უწყებამ 14 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო “კრიტიკა იმ ადამიანის მისამართით, რომელიც წარმოადგენს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს. ეს განცხადება მიუღებელია, როცა საქმე ეხება საგარეო საქმეთა მინისტრს [სალომე ზურაბიშვილი] და იმ დროს, როცა ის ვიზიტად სხვა ქვეყანაში იმყოფება“. სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებულ სამეფოს სტუმრობდა მაშინ.  


საგარეო უწყების ამ განცხადებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს “უპატივცემულობად“ შეაფასა.


“არ დავუშვებ უპატივცემულობას პარლამენტის მიმართ ნებისმიერი სამინისტროს, ნებისმიერი მინისტრის ან ნებისმიერი ოფიციალური პირის მხრიდან… როგორც ჩანს, იმ პირებს, რომლებმაც ეს განცხადება გააკეთეს, არ ესმით რა არის პარლამენტის ფუნქცია და როლი. როგორც ჩანს, მათ საქართველოს კონსტიტუციაც არ იციან კარგად“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 17 ოქტომბერს.    


“თქვენ აირჩიეთ პარლამენტთან კონფრონტაციის გზა, რაც თქვენი პოლიტიკური წარუმატებლობით დასრულდება“, – განუცხადა დეპუტატმა ნიკა გვარამიამ “ნაციონალური მოძრაობიდან“ საგარეო საქმეთა მინისტრს 18 ოქტომბერს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე.


საკომიტეტო მოსმენაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც 17 ოქტომბერს დაბრუნდა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტიდან, საგარეო უწყების პასუხი პარლამენტარის კრიტიკაზე იმ ფაქტით ახსნა, რომ მას  “პირადი შეურაცხყოფა“ მიაყენეს, როდესაც მას “დაუდევარი“ უწოდეს.


მისი თქმით, დეპუტატები მის წინააღმდეგ კრიტიკის ახალ ტალღას მაშინ აგორებენ, როდესაც იგი უცხოეთში იმყოფება ვიზიტით. “ეს ძალიან ართულებს ჩვენს მუშაობას, რადგანაც სამინისტროს კოლექტივს უხდება ამ კრიტიკაზე პასუხის გაცემა, ნაცვლად თავისი საქმის კეთებისა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


მან ასევე აღიარა, რომ სამინისტრომ დაუშვა რაღაც შეცდომები. “არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი სამინისტრო იდეალურია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ [საქმიანობის გამოსასწორებლად]“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.


თუმცა, “დაუდევრობა” კრიტიკის ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. პარლამენტარებმა საკომიტეტო სხდომაზე წარადგინეს “საჩივრის წერილი“ – როგორც მას კანონმდებლებმა უწოდეს – რომელიც საქართველოს სამმა ელჩმა – საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში რევაზ ადამიამ, ელჩმა რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილმა და ელჩმა უკრაინაში გრიგოლ ქათამაძემ – ოქტომბრის დასაწყისში გაუგზავნეს პარლამენტის თავმჯდომარეს.


სამივე ელჩი, რომლებიც აცხადებენ, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობები “გაუსაძლის მდგომარეობაში“ არიან, უჩივის საგარეო საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეებს მათთან “კოლეგიალური კონტაქტის ნაკლებობისა“ და ამავდროულად, მთავრობასა და პარლამენტთან პირდაპირი კავშირების დამყარების აკრძალვის გამო. საქართველოს ელჩი რუსეთში იმასაც კი აცხადებს, რომ იგი ვერასოდეს იღებს ინსტრუქციებს საქართველოს საგარეო უწყებისგან.


ეს წერილი მოულოდნელი იყო სალომე ზურაბიშვილისთვის. “არაფერი ვიცოდი ამ წერილის თაობაზე. მე გავესაუბრები ამ ელჩებს“, – განაცხადა მან.


ზურაბიშვილი ასევე დაადანაშაულეს საქართველოს კონფლიქტებში რუსეთის როლის მიმართ პოზიციის შერბილებაში, რაც, კანონმდებელთა თქმით, ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის საგარეო კურსს. პარლამენტართა განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებები არასაკმარისად მკაცრია.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უკვე დაუჭირა მხარი ორი კომიტეტის მოთხოვნას. “ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს სერიოზული პოლიტიკური მიზნები. ჩვენ ვერ დავუშვებთ ისეთ ვითარებას, როდესაც საგარეო უწყება კოორდინაციის ნაკლებობას განიცდის, როდესაც საელჩოებმა არ იციან როგორ მოიქცნენ, რადგანაც ისინი არ იღებენ მითითებებს. სამინისტროსა და საელჩოებს შორის აბსოლუტური გაუგებრობაა. ჩვენ ვერ დავუშვებთ პოლიტიკური კურსის უგულვებელყოფას [საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ], რომელიც ერთობლივად უნდა განხორციელდეს [ქვეყნის მთავრობის და პარლამენტის მიერ]“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


კანონის თანახმად, თუ პრემიერ-მინისტრი არ დააკმაყოფილებს საპარლამენტო კომიტეტების მოთხოვნას, საკითხი შესაძლოა განხილულ იქნას პარლამენტის სხდომაზე და კანონომდებლებმა შესაძლოა ისევ მოსთხოვონ პრემიერ-მინისტრს საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. თუ პრემიერ-მინისტრი კვლავ არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, პარლამენტი თავად გამოუცხადებს მინისტრს უნდობლობას.


მოწოდება ზურაბიშვილის გადაყენების თაობაზე მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო წლის განმავლობაში დროდადრო ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ “ნაციონალურ მოძრაობის“  გავლენიან დეპუტატებს ზურაბიშვილის პოსტიდან ჩამოშორების სურვილი ჰქონდათ. ასევე არსებობდა ეჭვი, რომ  თავად პრეზიდენტ სააკაშვილიც არ იყო  საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენების წინააღმდეგი.


“ის, რაც საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაზე ვიხილეთ, ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის ურთიერთობის ბუნებრივი პროცესი იყო. მაგრამ, დასანანია, რომ პარლამენტი ყურადღებას ამახვილებს პერსონალიებზე და არა მთელი მთავრობის საქმიანობაზე, რაც, მე საშინლად არ მომწონს. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი საუკეთესოა ახლანდელ მინისტრებს შორის“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ “რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრიცაა.


საფრანგეთში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობა ეკავა, მინისტრის პოსტზე გასული წლის მარტში მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. გასულ წელს სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილის დანიშვნის საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან ჟაკ შირაკთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დომინიკ დე ვილეპინთანაც განიხილა.


საგარეო საქმეთა მინისტრად მოღვაწეობის პერიოდში სალომე ზურაბიშვილის ყველაზე თვალსაჩინო წარმატება საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმება იყო. 

მსგავსი/Related

Back to top button